მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს რამდენიმე დღე ისევ ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა.

კომპანიაში ამ დროისთვის უჭირთ იმის თქმა რამდენი დღე ვერ მოემსახურება მეტრო მგზავრებს. მანამდე კი, მეტროს მოძრავი შემადგენლობა მეტროსადგურ დელისამდე იმოძრავებს.

"მეტროს ახალი სადგურის - სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს. ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანაიში.

მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს 29 სექტემბრის მერე ვეღარ ემსახურება. სადგურს მგზავრების მიღება 2 ოქტომბრიდან უკვე უნდა შესძლებოდა, თუმცა დრო გახანგრძლივდა.

კომპანია აცხადებს, რომ მგზავრებს საშუალება ექნებათ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით ისარგებლონ, რომლებიც მეტროსადგური დელისიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.