სპილოები ევროპული ლანდშაფტისთვის უცხოა. შესაბამისად, როდესაც არქეოლოგებმა ესპანეთში, რკინის ხანის ნანგრევებში სპილოს ფეხის ძვალს მიაგნეს, მალევე მიხვდნენ, რომ ის განსაკუთრებული იყო.

ძვლის ასაკზე და აღმოჩენის ადგილზე დაყრდნობით, ეს შეიძლება ჰანიბალის (კართაგენელი გენერლის) სახელგანთქმული საბრძოლო სპილოების პირველი ფიზიკური მტკიცებულება იყოს.

ჰანიბალის სპილოების ბრძოლის ველზე ყოფნის ილუსტრაციები ბევრგან შეგხვდებოდათ, თუმცა ამ დრომდე ნამარხი (ძვლის) მტკიცებულება არ არსებობდა.

ფოტო: J. of Arch Sci: Rep.

"პუნიკური ომების დროს სპილოების საომარ მანქანებად გამოყენებამ დასავლურ მხატვრობას, ლიტერატურასა და კულტურას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო", — აღნიშნა კორდობას უნივერსიტეტის არქეოლოგმა, რაფაელ მარტინეს სანჩესმა.

ჩვენ ვიცით, რომ ჰანიბალმა თავისი არმია ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ კართაგენიდან სამხრეთ ალპებში ძვ.წ. 218 წელს გადაიყვანა. ისტორიკოსების თქმით, ამ არმიაში 37 საბრძოლო სპილოც შედიოდა.

არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადგილი, სადაც სპილოს ძვალს მიაგნეს (კოლინა დე ლოსკემადოსი) ერთ დროს პუნიკური ომების ბრძოლის ველი იყო.

"არქეოლოგიურად, კოლინა დე ლოს კემადოსი დაკავშირებულია პუნიკურ ომთან", — წერენ მკვლევრები.

სწორედ ამ ადგილას არის აღმოჩენილი მონეტები, კერამიკა და ომის სხვა ნიშნები.

რაც შეეხება აღმოჩენილ ძვალს, რადიონახშირბადულმა დათარიღებამ დაადასტურა, რომ ის ძვ.წ. მეოთხე-მესამე საუკუნეებში მცხოვრებ სპილოს ეკუთვნოდა. ეს მეორე პუნიკური ომის პერიოდს ემთხვევა. სწორედ ამ ომს ხელმძღვანელობდა ჰანიბალი.

თეორიულად, შესაძლებელია, რომ სპილო ჰანიბალის ომებთან არ იყოს დაკავშირებული. და მაინც, მიგნების ადგილიდან და ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს.

კვლევა ჟურნალში Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.