არქეოლოგებმა რომაელი მმართველის სასახლეში საიდუმლო კიბეები აღმოაჩინეს
ფოტო: City of Cologne/Roman-Germanic Museum, Michael Wiehen
რომაულ-გერმანულ მუზეუმში (კიოლნი, გერმანია) არქეოლოგებმა პრეტორიუმი (ძველი რომაელი მმართველის საცხოვრებელი) აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მათ საიდუმლო კიბეებსა და სამლოცველოს, იგივე ლარარიუმსაც მიაკვლიეს. ეს შეიძლება იმხანად რომელიმე სექტის არსებობაზე მიანიშნებდეს.
სავარაუდოდ, კიბეებს მმართველის სასახლიდან მდინარე რაინამდე მივყავართ, თუმცა ნაგებობის ზუსტი დასაწყისი და დასასრული უცნობია. მაინც რისთვის ააშენეს საიდუმლო კიბეები? შეიძლება მათი საშუალებით მმართველი საყვარელთან დადიოდა ხოლმე ან იქნებ საიდუმლო ნაგებობას სექტანტური რიტუალების ჩასატარებლად იყენებდნენ.
აგურის წყობაზე დაკვირვებით არქეოლოგებმა უჩვეულო მეთოდს მიაკვლიეს, რომელიც ჩვენთვის ცნობილ რომაულ ნორმებში არ ჯდება. როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, აღმოჩენა მე-4 საუკუნის ბაზილიკით დაიწყო. თავიდან არეალი ზედაპირულ ჩაღრმავებას ჰგავდა, თუმცა შემდეგ გუნდმა განივი ჭრილი იპოვა. აფსიდის (შენობის ნახევარწრიული ნაწილი) ფუძის სისქე 4 მეტრამდე აღწევდა.
საინტერესოა, რომ ეს ბეტონი სტანდარტული რომაული ბეტონისგან განსხვავდებოდა: ამ შემთხვევაში მშენებლებს ტუფი, ბაზალტი და კირქვა გამოუყენებიათ, რამაც ნაგებობა განსაკუთრებით გამძლე გახადა. არქეოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ რომაელებს მოგვიანებით ამ ნაგებობისთვის რესტავრაციაც ჩაუტარებიათ, რათა დაზიანებისგან კიდევ უფრო მეტად დაეცვათ. ეს ნიშნავს, რომ მას განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.
არქეოლოგები განმარტავენ, რომ კიბეების აღმოჩენა ნამდვილად იშვიათი მოვლენაა, რადგან, როგორც წესი, ამდენხანს მხოლოდ საძირკველი თუ ძლებს.
სასახლეში არქეოლოგებმა მე-2 საუკუნით დათარიღებული საკურთხეველი იპოვეს. სავარაუდოდ, სწორედ აქ სწირავდნენ მსხვერპლს სასახლის მფარველ ღვთაებას, ლარესს. თუ საკურთხევლის ზემოთ არსებული სალურსმნე ნახვრეტებით ვიმსჯელებთ, აქ ყვავილწნულები უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული. საინტერესოა, რომ საკურთხევლის დიზაინი სტრუქტურულად პომპეიში აღმოჩენილი ნაგებობებისას ჰგავდა.
მთავარ გამოცანად მაინც ის რჩება, თუ სად მიდიოდა კიბეები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა — ნაგებობა, რომელმაც 2 000 წელი გაძლო.
კომენტარები