ეგვიპტეში 10 000 წლის წინანდელი სიმბოლოები და კლდის მხატვრობის ნიმუშები აღმოაჩინეს
ფოტო: Egypt Ministry of Tourism and Antiquities
არქეოლოგებმა ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულზე 10 000 წლის წინანდელი კლდის ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტრომ გააკეთა.
აქამდე უცნობი ადგილი, რომელიც უმ ირაქის პლატოზე მდებარეობს, მოიცავს 100-მეტრიან კლდოვან წარმონაქმნს, რომლის ამოკვეთილი გამოსახულებები ადამიანის მხატვრული თვითგამოხატვის ევოლუციას ასახავს.
"სიძველეთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ახალი არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს. ის განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული ღირებულებისაა", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ფოტო: Egypt's Ministry of Tourism and Antiquities
საბჭოს გენერალური მდივნის, ჰიშამ ელ-ლეითის თქმით, მისი მრავალფეროვნებით ის "ღია ცის ქვეშ ბუნებრივ მუზეუმად გვევლინება".
სამინისტროს განცხადებით, ამოკვეთილი გამოსახულებების ნაწილი ადრეული ადამიანური საზოგადოებების ცხოვრების წესსა და ეკონომიკურ საქმიანობას ასახავს.
ცხოველების ექსკრემენტები, ქვის ნიმუშები და კერის ნაშთები ადასტურებს, რომ ამ ადგილის შიდა სივრცეს დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფრისთვის იყენებდნენ.
ფოტო: Egypt's Ministry of Tourism and Antiquities
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ აღმოჩენას ეგვიპტის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ცივილიზაციების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოცემა შეუძლია.
კომენტარები