SpaceX-ის ყოფილი ინჟინერი ამბობს, რომ იცის, როგორ მიიღოს წყლისგან საწვავი
ფოტო: Getty / Futurism
წყლის გამოყენებით რაკეტის საწვავის სინთეზირების იდეას ათწლეულებია, განიხილავენ. ამ მიზნით ასეთი ბუნებრივი რესურსის მოხმარება ეფექტიანიცაა და სამომავლო კოსმოსური მისიებისას დამატებითი დანახარჯის თავიდან აცილებაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რადგან წყალი ყინულის სახით მთვარეზეცაა და მარსზეც.
ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, სათანადო ტექნოლოგიის შემუშავებაა. SpaceX-ის ყოფილი ინჟინრის, ჰეილენ მატისონის, თქმით, ამგვარ მეთოდს მალე გამოცდიან. ის ამბობს, რომ ტესტირებას მისი სტარტაპის — General Galactic — გუნდი გეგმავს.
ისინი აპირებენ, რომ ილონ მასკის კომპანიის რაკეტა Falcon 9-ით თითქმის 500-კილოგრამიანი ზონდი გაუშვან. ეს მისია ოქტომბერშია ჩანიშნული და კონცეფციის დემონსტრირებას ისახავს მიზნად: წყალი, როგორც ელექტრო და ქიმიური საწვავი. ტესტირება მაგნიტური ველის მეშვეობით პლაზმის ნაკადის გამოყოფასა და ძლიერი ბიძგის მისაღწევად მაღალი ტემპერატურის/წნევის პირობებში საწვავის წვას ითვალისწინებს.
ქიმიური ძრავების შემთხვევაში General Galactic-ის გუნდს ელექტროლიზის პროცესით წყალში არსებული წყალბადისა და ჟანგბადის განცალკევება სურს. ამის შემდეგ პირველი აირის საწვავად მოხმარება ჟანგბადის, როგორც დამჟანგავი აგენტის, მეშვეობით იგეგმება. სხვა ექსპერიმენტისას ისინი შეეცდებიან, რომ ელექტროლიზის შედეგად მიღებული ჟანგბადი ელექტრული დენის გამოყენებით პლაზმად აქციონ.
ფაქტობრივად, ელექტრულ ძრავებში წყალი მოკლე და სტაბილური (ორივენაირი) ბიძგების წყარო იქნება, ქიმიურში კი — ძლიერისა და შედარებით ხანმოკლის. ეს ტექნოლოგია ხელოვნური თანამგზავრების საფრთხის ასარიდებლად მანევრირებისთვის შეიძლება გამოიყენონ.
ამის მიუხედავად, წყლის საწვავთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უამრავი კითხვა არსებობს, მაგალითად, არის რისკი, რომ იონიზებული ჟანგბადი სატელიტების ელექტრულ სისტემას დააზიანებს. ასეთი კოროზიის თავიდან ასაცილებლად სპეციალური მასალების შერჩევა იქნება საჭირო, რაც დამატებითი გამოწვევაა.
მიაღწევს თუ არა მიზანს General Galactic, მალე გავიგებთ.
კომენტარები