შვედეთში მკვლევრებმა ხელოვნური (ციფრული) ცხოველები შექმნეს, რომლებმაც დროთა განმავლობაში ნულიდან ფუნქციონალური მხედველობა განივითარეს. მათ სინათლისადმი მარტივი მგრძნობელობა განუვითარდათ, საბოლოოდ კი ობიექტების გარჩევა შეძლეს. ეს ყველაფერი ყოველგვარი პირდაპირი ინსტრუქციის გარეშე მოხდა.

შედეგები ავლენს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ევოლუციის პროცესების გასაგებად.

"ჩვენ შევძელით ხელოვნური ევოლუციის შექმნა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არსებულ შედეგებს იძლევა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენეთ იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას მხედველობის სისტემა მითითებების მიცემის გარეშე", — განაცხადა ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევარმა და ევოლუციურმა ბიოლოგმა, პროფესორმა დენ-ერიკ ნილსონმა.

მკვლევრებმა ვირტუალური ცხოველები სინთეტიკურ სამყაროში გაუშვეს

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ეს პატარა ხელოვნური ცხოველები ციფრულ სამყაროში მოძრაობდნენ. თავიდან ისინი ვერაფერს ხედავენ. შემდეგ, თაობიდან თაობამდე რაღაც შეიცვალა — ხელოვნური ცხოველები რეაგირებდნენ სინათლეზე. საბოლოოდ, მათ თვალები გაუჩნდათ.

მკვლევრებმა შექმნეს ვირტუალური ცხოველები და გაუშვეს ისინი სინთეტიკურ სამყაროში, სადაც მათ ნავიგაციასთან დაკავშირებული დავალებები მისცეს. ვირტუალურ ცხოველებს ევალებოდათ დაბრკოლებების თავიდან აცილება და საკვების მოძიება. თითოეულ თაობას მცირე ვარიაციები გააჩნდა. ისე როგორც ბუნებაში, ის, ვინც გარემოს საუკეთესოდ მოერგო, საკუთარ მახასიათებლებს შემდეგ თაობებს მეტად გადასცემდა. განსხვავება ის იყო, რომ ეს ყველაფერი კომპიუტერში მოხდა — და გაცილებით სწრაფად.

ციფრული ევოლუცია

"ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ციფრული ცხოველების თვალები ისევე განვითარდა, როგორც რეალური ორგანიზმების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ შექმნილი გარემო ძალიან გამარტივებული იყო", — თქვა დენ-ერიკ ნილსონმა.

მკვლევრების თქმით, ბუნებაში მხედველობის მისაღებად სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს: გაფანტული ფოტორეცეპტორები, კამერის ტიპის მხედველობა და მრავალკომპონენტიანი თვალები. კომპიუტერულ სიმულაციებში სამივე ტიპი დააფიქსირეს — თითქოს ციფრულმა ევოლუციამ ის ნაცნობად მიიჩნია და ჩვეულ გზებს მიჰყვა.

სინათლის მიმართ მგრძნობიარე მარტივი სტრუქტურები ფუნქციონირებად თვალებად გადაიქცა

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეტაპობრივად, სინათლის მიმართ მგრძნობიარე მარტივი სტრუქტურები ფუნქციონალურ თვალებად გადაიქცა. ეს მკვლევრებისთვის ევოლუციის უკეთ შესწავლის საშუალებაა. მეცნიერებს აინტერესებთ თუ რატომ აირჩია ევოლუციამ კონკრეტული გზები? რატომ არის ზოგიერთი მიდგომა ასეთი გავრცელებული, ზოგი კი არასდროს ჩნდება?

"ეს მხოლოდ დასაწყისია. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგვიძლია შევისწავლოთ პოტენციური ევოლუციური მომავალი და ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებები გველოდება მომავალში. ჩვენ შეგვიძლია გავასწროთ ბუნებას და ევოლუციას. ციფრულ სამყაროში დროის მოგება ბევრად მარტივია და ევოლუციური პროცესებისთვის დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.