რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს
ფოტო: NASA/JPL-Caltech
თუ ვარსკვლავური ომები გინახავთ, გეცოდინებათ ფიქციური პლანეტა, რომელიც ორი ვარსკვლავის (ბინარულ) სისტემაში მდებარეობს — "ტატუინი". რეალურად, ჩვენს გალაქტიკაში ასეთი ობიექტები იშვიათია, მიუხედავად იმისა, რომ თავად მსგავსი სისტემები საკმაოდ გავრცელებულია. შესაძლოა, მეცნიერებმა ახლა ამის მიზეზი დაადგინეს.
ირმის ნახტომში ათასობით "ეული" ვარსკვლავია, მაგრამ ეგზოპლანეტები მხოლოდ მათი დაახლოებით 10%-ის გარშემოა დაფიქსირებული. ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ასეთივე მაჩვენებელი იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი 3000 ბინარული სისტემის შემთხვევაშიც, მაგრამ იქ მხოლოდ 14 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი (იმ 6000-იდან, რომელთა არსებობაც უკვე დადასტურდა).
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შეიძლება ეს აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასთან იყოს კავშირში, კერძოდ მის მიერ პროგნოზირებულ გრავიტაციულ ურთიერთქმედებებთან. საქმე ისაა, რომ ორი ვარსკვლავი ერთმანეთის ირგვლივ ხშირად ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, ამგვარ სისტემაში მდებარე ეგზოპლანეტაზე კი მათი გრავიტაცია ზემოქმედებს. ეს ასეთი ობიექტის ორბიტალურ პრეცესიას იწვევს, ანუ ბრუნვითი მიმართულების ცვლილებას. ამის პარალელურად, ზოგადი ფარდობითობის გამო იგივე ხდება მნათობების შემთხვევაშიც.
რაც დრო გადის, მსგავსი ვარსკვლავები ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდება და მათი პრეცესიაც ჩქარდება. შედეგად, ეგზოპლანეტის იგივე პროცესი პირიქით, ნელდება. როცა პრეცესიების ტემპი თანხვედრაშია, მისი ორბიტა "იწელება".
მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთ რეზონანსს ეგზოპლანეტის ორბიტის სტაბილურობის დარღვევა შეუძლია. ამ სცენარისას, ის ან ვარსკვლავებთან ზედმეტად ახლოს მიდის და, საბოლოოდ, ნადგურდება, ან სისტემიდან ვარდება. კომპიუტერული მოდელების თანახმად, ახლომდებარე ვარსკვლავების სისტემებში ამგვარი რამ ხშირი უნდა იყოს, რაც იქ ეგზოპლანეტების სიმწირეს ნაწილობრივ ხსნის.
გამოდის, რომ უფრო მეტი "ტატუინი" შეიძლება არსებობდეს. მათ ვერ ვაფიქსირებთ, რადგან, არაა გამორიცხული, ზოგი საკუთარ მნათობებთან ძალიან მცირე დისტანციაზე მოძრაობს და ჩვენი პერსპექტივიდან მათ ფონზე ჩავლისას სიკაშკაშის ისეთ ცვლილებას არ იწვევს, როგორსაც მარტივად შევნიშნავთ.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები