ცენზურაზე საუბარი აუცილებელია. არა მხოლოდ იმ წნეხზე, რომელიც გარედან ან ზემოდან მოდის, არამედ იმაზეც, რომელიც შიგნიდან გვკარნახობს — თვითცენზურა. როგორ მოვერიოთ მას? მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც სიტყვები ხშირად ეუხეშებათ. რაც უნდა დაწერო, იქნება ეს სექსუალობასა და გენდერზე თუ მეხსიერებასა და ისტორიაზე, ხელისუფლებამ შეურაცხყოფად შეიძლება აღიქვას. ეს თავადაც გამოვცადე, როცა ჩემს ერთ-ერთ რომანს, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სამართლებრივი დევნა მოჰყვა. ნაწარმოებში ქალის პერსპექტივითაა მოყოლილი ორი ოჯახის ამბავი: ერთი სომეხი ამერიკელების ოჯახია, მეორე კი — თურქებისა. წიგნი ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა მეხსიერება, მისი დაკარგვა და ის, რაც თურქეთში დღემდე ტაბუირებული თემაა — სომეხთა გენოციდი. როცა ეს რომანი გამოიცა, პროკურატურა სამი წლით ჩემს დაპატიმრებას მოითხოვდა, მტკიცებულებად კი გამოგონილი პერსონაჟების სიტყვები მოჰქონდათ. მაშინ ხალხი ევროკავშირის დროშებს წვავდა, წვავდნენ ჩემს სურათებსაც, აფურთხებდნენ და მოღალატეს მეძახდნენ.
წლების შემდეგ ჩემს კიდევ ორ წიგნზე დაიწყო გამოძიება უხამსობის ბრალდებით: რომანისთვის ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში, რადგან მისი პროტაგონისტი სექსმუშაკია, და ნაწარმოებისთვის მზერა, რადგან ის ბავშვზე ძალადობის საკითხს შეეხება იმ ქვეყანაში, სადაც არასრულწლოვანებს ჯერ კიდევ აქორწინებენ. ამას იმიტომ ვყვები, რომ გაჩვენოთ, როგორი საზოგადოებიდან მოვდივარ. იძულებულები ვართ, საკუთარი თავისთვის პატარა სივრცე გამოვნახოთ, სადაც ამ ყველაფერს დავივიწყებთ. თუკი იმაზე ფიქრს დავიწყებთ, ვის რა მოხვდება გულზე, ერთ წინადადებასაც ვეღარ დავწერთ.
[...] ჩემი აზრით, მწერლობა ცოტათი ლინგვისტურ არქეოლოგიას ჰგავს: მხოლოდ ამბების კი არა, დავიწყებული მოგონებების რამდენიმე ფენაც უნდა გათხარო. ოტომანების იმპერია მულტიეთნიკური, მულტიენობრივი და მულტირელიგიური იმპერია იყო, რომელმაც 600 წელზე მეტხანს გასტანა. მისი ისტორია საკმაოდ ჩახლართულია და იმაზეა დამოკიდებული, ვინ გიყვება. მაგრამ იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღებას, ვის არ აქვს მოყოლის უფლება.
მაგალითად, მე თურქულ სკოლებში ვსწავლობდი და როცა ოტომანების ისტორიას გავდიოდით, ამ ნაწილში დიდი სიცარიელე იყო, რომელსაც თითქმის ყოველთვის ულტრანაციონალისტური, ზოგჯერ ულტრარელიგიური ნარატივით და იმპერიალისტური ნოსტალგიებით ავსებდნენ — თურმე, რა დიდებული იმპერია ვყოფილვართ; რომ სადაც მივდიოდით, ყველგან სამართალი და ცივილიზაცია ჩაგვქონდა. თუმცა, სიჩუმე ისადგურებს, როგორც კი კითხვების დასმას იწყებ: როგორ ცხოვრობდნენ ოტომანების იმპერიაში ქალები? როგორი იყო იმპერია მეძავებისთვის, ჰარამხანაში განწესებული ხასებისთვის, ან გლეხი ქალისთვის, რომელსაც საერთოდ არ გააჩნდა არანაირი ძალაუფლება? კვლავ სიჩუმეს აწყდები, როცა კითხვას სვამ, როგორ ცხოვრობდნენ უმცირესობები: ებრაელი მეწისქვილე, ქურთი გლეხი, არაბი მეურნე, ბერძენი მეზღვაური ან სომეხი იუველირი.
თუმცა, აქვე იმასაც დავამატებ, რომ არ მიმაჩნია სწორად, მწერლებმა გვმოძღვრონ ან ლექცია გვიკითხონ, ამიტომ, სიფრთხილე გვმართებს.
[...] ძალიან რთულია, იყო თურქი რომანისტი და, მით უფრო, რომანისტი ქალი, რადგან ამ დროს მიზოგინიასა და პატრიარქატთან გამკლავებაც გიწევს. მეტისმეტად შავ-ბნელი სურათის დახატვა არ მინდა, მაგრამ მსურს, გულწრფელი ვიყო: როცა ერთ ლოყაში სილას გაგაწნავენ, ეს გტკივა, მაგრამ, ამასთან, მეორე ლოყაზე გკოცნიან, რადგან მკითხველები მაინც კითხულობენ. ამბებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია სუსტდება. როცა ქვეყანა უკან მიდის, რაც უნდა ირონიული იყოს, ლიტერატურა და ხელოვნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
[...] ვერ დავივიწყებ, რომ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მიგრანტი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ადგილს შეიძლება მიეკუთვნებოდე. ჩემი პიროვნებისა და შემოქმედების დიდი ნაწილია ის, რომ თურქი ვარ, მაგრამ ბრიტანეთმაც ბევრი რამ მომცა. უამრავი რამ მომცა ინგლისურმა ენამ, რადგან უკვე 20 წელზე მეტია, ამ ენაზე ვწერ. როგორ შემიძლია უარვყო ის ფაქტი, რომ აქ თავს შინ ვგრძნობ? თუმცა, საკუთარ თავს კაცობრიობის, მსოფლიოს მოქალაქედ მივიჩნევ, ამას კი დღევანდელი პოპულისტური დემაგოგიის პირობებში გამუდმებით აკნინებენ. გვეუბნებიან, რომ თუ მსოფლიოს მოქალაქე ხარ, არცერთ ადგილს არ მიეკუთვნები, მე კი ამ აზრს ვუპირისპირდები. ეს არასწორია. უკიდურესად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩვენ წინაშე ისეთი მასშტაბური, გლობალური პრობლემებია, როგორებიცაა კლიმატის კრიზისი, მორიგი პანდემიის საშიშროება და უთანასწორობის გაღრმავება, ყველაფერი ეს კი გვიჩვენებს, რამდენად დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან.
კომენტარები