მზის დაბნელება ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ასტრონომიის ენთუზიასტებისთვის, მიმზიდველი და აღმაფრთოვანებელი ციური მოვლენაა. ადამიანები ხშირად იკრიბებიან ხოლმე ამ იშვიათი ფენომენის საყურებლად. მეორე მხრივ, ცოტამ თუ იცის, რომ მზის დაბნელება მეცნიერებისთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია. იგი ექსპერტებს მზის გვირგვინის, წარმოუდგენლად ცხელი ატმოსფეროსა და მისი ქცევის შესწავლაში ეხმარება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მზის დაბნელება სამეცნიერო სამყაროსთვის ძალზედ პროდუქტიული მოვლენაა, რომელიც მრავალი მიმართულებითაა საინტერესო. პრობლემა ისაა, რომ მზის დაბნელება ყოველდღე არ ხდება, ამიტომ ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გადაწყვიტა ხელოვნური დაბნელებების შექმნა. ეს ექსპერიმენტი Proba-3 მისიის ფარგლებში მიმდინარეობს და სააგენტომ ხელოვნური დაბნელების ამსახველი პირველი ფოტოები ახლახან გაუზიარა ფართო აუდიტორიას.

Proba-3-ის ბუნდოვანი დაბნელება მაინც გვაძლევს საშუალებას, შევამჩნიოთ გვირგვინის პოლარიზებული ნათება.

ფოტო: ESA/Proba-3/ASPIICS

ხელოვნური დაბნელება ორი კოსმოსური ხომალდის გამოყენებით ხდება, რომლებიც ერთმანეთისგან 150 მეტრის დაშორებით არის განთავსებული. განლაგება მილიმეტრული სიზუსტითაა განსაზღვრული, რის საშუალებასაც რევოლუციური ნავიგაციისა და პოზიციონირების ტექნოლოგიები იძლევა.

ამ ხომალდებიდან ერთ-ერთის სახელია Occulter, რომელიც მზის მხარეს მდებარეობს. იგი მზის მიმართულებით ისეა ჩამდგარი, რომ მისი სინათლე დაფაროს. მეორე ხომალდი, სახელად Coronograph, დედამიწის მხარეს მდებარეობს. სწორედ ამ ხომალდზეა დამონტაჟებული სპეციალური ოპტიკური ინსტრუმენტი სახელად ASPIICS. Occulter მზის დისკოს ბლოკავს და შედეგად, ASPIICS ინსტრუმენტზე 8 სანტიმეტრიან ჩრდილს აფენს.

ეს ხელოვნური ჩრდილი ASPIICS-ს მზის გვირგვინის დაფიქსირებასა და მის შესწავლაში ეხმარება. გვირგვინი მზის ყველაზე გარე ფენაა, რომელიც მზის კაშკაშა ნათების გამო თითქმის შეუმჩნეველია. ბუნებრივი დაბნელების დროს მთვარე მზის დისკოს ბლოკავს და სწორედ ამ დროს გამოჩნდება ხოლმე მზის გვირგვინი. Proba-3 ამავე ეფექტს ხელოვნურად ქმნის, რათა მეცნიერებმა მზის გვირგვინზე დაკვირვება მისი ბუნებრივი დაბნელების ლოდინის გარეშეც მოახერხონ.

"სურათების ხილვისას წარმოუდგენლად აღვფრთოვანდი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათი გადაღება პირველივე ცდაზე მოხერხდა. ახლა ჩვენი მიზანი დაკვირვების დროის ექვს საათამდე გაზრდაა", — განაცხადა ანდრეი ჟუკოვმა, ASPIICS-ის მთავარმა მკვლევარმა ბელგიის სამეფო ობსერვატორიიდან.

მზის გვირგვინის შესწავლა მზის ქარებისა და კორონალური მასების ამოფრქვევის შესწავლაშიც გვეხმარება. ამოფრქვევებისას ძლიერი და ინტენსიური პოლარული ნათება წარმოიქმნება ხოლმე, რამაც შესაძლოა დედამიწაზე არსებულ ტექნოლოგიას ზიანი მიაყენოს.

ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და ციური მოვლენების უკეთ შესასწავლად მზის დაბნელებაა საჭირო. Proba-3-ის წყალობით, ახლა ყოველდღე ახალი დაბნელების ხილვა შეგვიძლია, მაშინ როდესაც ბუნებრივი დაბნელება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. აგრეთვე, ბუნებრივი დაბნელება სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, Proba-3-ს კი ხელოვნური დაბნელების შენარჩუნება ექვს საათამდეც კი შეუძლია.

რამდენიმე კოსმოსური ხომალდის ერთდროული დაკვირვება, მზესა და მის გვირგვინზე უფრო სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის.

ფოტო: ESA/NASA

Proba-3-ის მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი თითქმის ისევე ახლოდან გვაჩვენებს მზის გვირგვინს, როგორც ბუნებრივი მზის დაბნელებისას ვხედავთ ხოლმე. ამ უპირატესობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი აქვს, მათ შორის: მაღალი სიზუსტის ტექნოლოგია, უკიდურესად ელიფსური ორბიტა და ავტონომიური პოზიციონირების უნარი.

"Proba-3-ის ზუსტი ფორმაციული ფრენის უნარის უკან მრავალი რთული ტექნოლოგია დგას, რომელთა შექმნაც ESA-ს მხარდაჭერის წყალობით გახდა შესაძლებელი. ამ შთამბეჭდავი გამოსახულებების ხილვა ადასტურებს, რომ ეს ტექნოლოგიები ეფექტურია. Proba-3 დღეს არის მსოფლიოში პირველი მისია, რომელიც ზუსტ ფორმაციულ ფრენას ახერხებს, რაც უპრეცედენტო მიღწევაა კოსმოსურ ინჟინერიაში", — აღნიშნავს ESA-ს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ხარისხის დირექტორი დიტმარ პილცი.

მზის ხელოვნური დაბნელების შექმნა, Proba-3 მისიის დასაწყისია. ასეთი წარმატებული გამოცდის შემდეგ, მისგან გაცილებით მეტ საინტერესო სამეცნიერო მონაცემსა და აღმოჩენებს უნდა ველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.