სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან დიდია.. მისი დაკვირვებადი ზომა, ანუ რასაც ჰაბლის ტელესკოპით ვხედავთ, 94 მილიარდი სინათლის წელიწადია დიამეტრში და იგი უფრო და უფრო სწრაფად ფართოვდება.

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა გალაქტიკებით - დაახლოებით 100 მილიარდი.

თითოეული გალაქტიკა კი ვარსკვლავებით - მაგალითად, ჩვენს “ირმის ნახტომში” 400 მილიარდი ვარსკვლავია.

თითოეული ვარსკვლავის გარშემო დაახლოებით 1,6 პლანეტა ბრუნავს, ანუ მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში მინიმუმ 640 მილიარდი პლანეტაა.

ამ 640 მილიარდი პლანეტის დაახლოებით 10 პროცენტი თავიანთი ვარსკვლავებიდან დაახლოებით იმ მანძილებით არიან დაშორებულები, რამდენითაც დედამიწა - ჩვენი მზიდან, პროპორციულად. ასეთ პლანეტებს კეპლერის მისიით ეძებენ. კეპლერის პლანეტები დედამიწის მსგავსები არიან და მათზე ორგანული-გონიერი სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა მაღალია.

ჰოდა, ამით იმის თქმა გვინდა, რომ შანსი იმისა რომ ირმის ნახტომში მდებარე 60 მილიარდი დედამიწისმაგვარი პლანეტიდან სიცოცხლე და ცივილიზაცია არცერთზე აღმოცენდა, წარმოუდგენლად დაბალი უნდა იყოს.

მაშ, თუ ეს ასეა, რატომ ვერ ვპოულობთ ჩვენს “გონიერ ძმებს?” ათწლეულების მანძილზე კოსმოსში სხვადასხვანაირი ტელესკოპებით ყურება-მოსმენამ რატომ არ მოიტანა შედეგი?

ამ საჭირბოროტო საკითხებზე ფიქრობდა იტალიელი ფიზიკოსი, ენრიკო ფერმი თავისი ერთ-ერთი საუზმის დროს. ამ პარადოქსსაც მისი სახელით ვიცნობთ.

ფერმის პარადოქსის - თუ შანსი არაა, რომ სადმე სიცოცხლე არ ჩასახულიყო, რატომ ვერ ვპოულობთ მას - ამოხსნას ბევრი მეცნიერი თუ მოყვარული თეორეტიკოსი ეცადა.

წარმოგიდგენთ ფერმის პარადოქსის 10 ყველაზე საინტერესო “გაპრავებას”:

1. "ნეო, დსმა, კოვზი არ არსებობს!"

ფოტო:
Warner Bros.

უცხოპლანეტელებს იმიტომ ვერ ვპოულობთ, რომ სინამდვილეში კომპიუტერული სიმულაციაში ვარსებობთ და ჩვენი არამიწიერი ბატონები გვიდგენენ წესებს, მათ შორის იმასაც, რამხელა გვეჩვენება სამყარო.

2. "პრიიომ, პრიიომ..."

ფოტო: sdecoret / Shutterstock

დიდი შანსია, რომ არამიწიერი ცივილიზაციებიც, ჩვენ მსგავსად, კოსმოსში უამრავ სიგნალს უშვებენ და გვეძებენ, მაგრამ ჩვენი კონტაქტი ვერ ხდება, რადგან სხვადასხვა სიხშირეებს ვიყენებთ. ანდა, ყველა “ლაპარაკობს” და არავინ “ისმენს”, ანუ კოსმოსში რადიო-ყაყანია.

3. "თავი დაანებე, ჯერ ბავშვია..."

ფოტო: sdecoret / Shutterstock

ფერმის პარადოქსის ამ ამოხსნის მიხედვით, უცხოპლანეტელებმა იციან ჩვენი არსებობის შესახებ, გვიპოვნეს კიდეც, მაგრამ სხვადასხვა ეთიკური თუ მორალური შეზღუდვების გამო, არ ერევიან ჩვენს განვითარებაში. უბრალოდ გვაკვირდებიან, რას ვიზამთ, საით წავალთ.

4. "უჯიკე, თორემ ჯიკებულ იქნები!"

ფოტო: Laslo Ludrovan/Shutterstock

ამ სცენარის მიხედვით, კოსმოსში დარვინის აღმოჩენილი კანონზომიერებები მოქმედებს. ყველა აგრესიულადაა განწყობილი და მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს. ეს წესი ყველა ცივილიზაციამ იცის და თუ თვითონ არაა აგრესორი, საკუთარი უსაფრთხოების გამო, ჩუმად ზის კუთხეში, ყურადღებას არ იქცევს. აგრესორები კი იმიტომ დუმან, რომ სხვა აგრესორებმა არ იპოვნონ და მოულოდნელობის ეფექტი არ დაკარგონ.


5. "აქედან გორი შორია!"

გალაქტიკა SDSS J094700.08+254045.7

გალაქტიკა SDSS J094700.08+254045.7

სუპერ სპირალური გალაქტიკა. დიამეტრი 320 ათასი სინათლის წელიწადი.

ფოტო: NASA

მანძილები კოსმოსში ძალიან დიდია. უახლოეს ვარსკვლავზე (კენტავრის ალფა) თუ რადიოსიგნალს გავგზავნით, სინათლის სიჩქარით მოძრავ ამ გზავნილს 4 წელი დასჭირდება მისაღწევად. ასე რომ, შეიძლება ჩვენ მიერ გაგზავნილი #გამარჯობა ვინმემ მიიღო, გვიპასუხა კიდეც, მაგრამ ამ პასუხს ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია.


6. ადამიანები შავ(შვ)ებში

ფოტო: Getty

სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ სიცოცხლის ყველა შესაძლო ფორმა ჩვენ გვგავს. შესაძლოა, უცხოპლანეტელები იმდენად განსხვავებული ფორმის არიან, რომ ამ წუთასაც რომ ვხედავდეთ, ვერ მივხვდებოდით ვისთან გვაქვს საქმე. ან პირიქით, შეიძლება იმდენად გვგვანან, რომ ვერ ვარჩევთ დედამიწელებისგან და ისინიც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით უდარდელად.

7. "შავი ხვრელი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა"

ფოტო: MarcelClemens / Shutterstock

უცხო სიცოცხლეს ჩვენ სხვა პლანეტებზე ვეძებთ, თუმცა ვინ გამორიცხა, რომ არამიწიერი ცივილიზაცია იმდენად განვითარებული არაა, რომ სულ არ სჭირდება ერთ ქეციან პლანეტაზე ჯდომა?! არსებობს მოსაზრებები, რომ განვითარებულ ცივილიზაციებს არნახული რაოდენობის ენერგია სჭირდებათ, ამიტომაც, ასეთი ცივილიზაციები შეიძლება იქ გადასახლებულიყვნენ, სადაც ჩვენ ვერც კი წარმიგვიდგენია რაიმე ცოცხალის არსებობა. ასეთი ცივილიზაცია თავისუფლად შეიძლება გადაბარგებულიყო შავ ხვრელში, ან მის ახლომახლო.


8. "დრონნი მეფობენ"

ფოტო: Vinne / Shutterstock

უცხო ცივილიზაციას რომც ვეპოვნეთ, ალბათ გაუჭირდებოდათ ცოცხალი ორგანიზმების გამოგზავნა ჩვენთან ხელის ჩამოსართმევად - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოსმოსში ყველაფერი ძალიან შორია. ჰოდა, ალბათ, ტექნიკური საშუალებებით გვაკვირდებიან, ნანობოტებით, ან ბიომექანიკური ჯაშუშებით გვადევნებენ თვალყურს - როგორ ვცხოვრობთ, როგორც ვჭამთ, “საჭირო ოთახში” როგორ დავდივართ. გვზვერავენ, ხომ არ ვართ მათთვის საშიშები.


9. “უცხოპლანეტელი თავი გაბია!”

ფოტო: Wikipedia

ვინ იცის, იქნებ ათასწლეულების წინ რომელიღაც უცხო რასა ეწვია დედამიწას, მოეწონა საქართველოს მთები, ველები და ზღვისპირეთი, დასახლდა აქ და ასე წარმოიშვნენ ადამიანები ან თავისი გენეტიკური კოდის ანალოგის სახით სიცოცხლე დატოვეს (საწყის ფორმაში) და გააგრძელეს თავიანთი გრძელი გზა. საით და რატომ - არავინ იცის.


10. “გალიაში ბულბულები ზიან...”

ფოტო: NASA

არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწა ერთგვარი ციხე/ზოოპარკია. ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ფორმები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაძლებელია ყველა ეს სახეობა აქ “დიდმა დეიდებმა და ბიძიებმა” მოგვაგროვეს და ათასში ერთხელ ბავშვები დაყავთ ხოლმე ორბიტიდან ჩვენს დასათვალიერებლად. ან, დედამიწაზე ციხეა, რომელზეც “ცუდი” უცხოპლანეტელების გადასახლებითაა ვინმე ბეტელჰეიზელი “სტალინი” დაკავებული. გადასახლებამისჯილი უცხოპლანეტელები აქ თავიდან ვიბადებით და ვატარებთ მისჯილ ვადას გამოსწორებამდე. (ეს თეორია ჩემი მეზობლების არსებობის მიზეზს ხსნის. ეტყობა იქაც დაიწყეს კვირა დილით პერფორატორით კედლის ნგრევა და ვინ გააჩერებდა მაგათ კარგ და დალაგებულ პლანეტაზე…)