სად დასახლდა ჰომო საპიენსი აფრიკიდან წამოსვლის შემდეგ პირველად — ახალი აღმოჩენა

ფოტო: IFLScience
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში დაახლოებით 60,000-70,000 წლის წინ მოხდა, როცა ჰომო საპიენსის ნაწილი აფრიკას გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპოქა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონეა, ჩვენ იმ ადამიანების გადაადგილების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, ვინც 70,000-დან 45,000 წლამდე პერიოდში ახალი სამყაროსკენ პირველად გაემართა.
გენეტიკური, პალეოეკოლოგიური და არქეოლოგიური მტკიცებულებების წყალობით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სპარსეთის პლატო ჰომო საპიენსისთვის აფრიკიდან გადმოსვლის ადრეულ ეტაპებზე უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონი აფრიკისგან შორს იყო, როგორც ჩანს, ის ჰომო საპიენსისთვის 20 000 წლის განმავლობაში სახლად იქცა. ამ პერიოდში მოსახლეობამ გამრავლება მოახერხა, შემდეგ კი ევრაზიასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დღევანდელი ადამიანის წინაპარი 20 000 წლის განმავლობაში სპარსეთის პლატოზე ცხოვრობდა.
ამ დასკვნამდე მისასვლელად მკვლევრებმა როგორც თანამედროვე, ასევე პრეისტორიული ადამიანების გენეტიკური მასალა შეისწავლეს. აღმოაჩინეს, რომ სპარსეთის პლატოს მიმდებარედ მცხოვრებ ხალხს იმ პირველ მოსახლეობასთან მჭიდრო გენეტიკური კავშირი ჰქონდა, რომელიც აფრიკის გარეთ პირველად დასახლდა. მათ ასევე პალეოეკოლოგიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც აჩვენებს, რომ ეს რეგიონი სხვა პოტენციურ მიგრაციულ ცენტრებთან შედარებით "აფრიკიდან გასვლის" შემდეგი ეტაპებისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო.
სპარსეთის პლატო — ეს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ვრცელი და მაღალმთიანი რეგიონია, რომელიც თანამედროვე ირანს, ავღანეთსა და პაკისტანს მოიცავს. ეს ტერიტორია, რომელიც კასპიის ზღვით, სპარსეთის ყურითა და ხმელთაშუა ზღვითაა გარშემორტყმული, მოსახლეობის ზრდისა და გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიდა.
"აღმოჩენა ჰომო საპიენსის აფრიკის გარეთ ცხოვრების 20,000-წლიანი მონაკვეთის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ ნეანდერტალელებთან გადავიკვეთეთ. მიგნება ჩვენი სახეობის დემოგრაფიული ისტორიის გასაგებად ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანიაში მნიშვნელოვან მინიშნებებს წარმოადგენს", — განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლეონარდო ვალინიმ.
2024 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპარსეთის პლატოს დასავლეთით მდებარე ზაგროსის მთებში, დაახლოებით 47,000 წლის წინ, ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელები ერთმანეთზეც კი ქორწინდებოდნენ.
ბოლო ხანებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები უკვე მიანიშნებდა, რომ სპარსეთის პლატო ჰომო საპიენსისთვის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა იმაზეც მიუთითებს, რომ ამ რეგიონში აღმოსაჩენი კიდევ მრავალი ნამარხია.
"ჩვენი კვლევა წარსულზე გაცილებით მკაფიო სურათს გვაძლევს. ინფორმაციას იმ მნიშვნელოვან ეპოქაზე გვაწვდის, როდესაც ადამიანებმა აფრიკიდან წამოსვლა და ევრაზიაში დასახლება დაიწყეს", — ამბობს კვლევის თანაავტორი პროფესორი მაიკლ პეტრაგლია — "სპარსეთის პლატო უმნიშვნელოვანეს რეგიონს წარმოადგენს და ეს აღმოჩენა არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების აუცილებლობას ხაზს უსვამს".
კვლევა გამოქვეყნდა გამოცემაში Nature Communications.
კომენტარები