ახალი კვლევის თანახმად, ცნობიერ აღქმას ტვინში არსებული გარკვეული თალამური უბანი, განსაკუთრებით ინტრალამინარული ბირთვები იწვევს. კონკრეტულად კი — მათი პრეფრონტალურ ქერქთან სინქრონიზება. ეს ეწინააღმდეგება ტრადიციულ შეხედულებას, რომელიც ცნობიერ გამოცდილებას ძირითადად პრეფრონტალურ ქერქს მიაწერს.

მეცნიერებმა ადამიანის თავის ტვინის უშუალო ინტრაკრანიალური ჩანაწერები გამოიყენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ თალამუსი (ტვინის ღრმა უბნებში მდებარე, მცირე ზომის სტრუქტურა) გადამწყვეტ როლს ასრულებს ცნობიერ აღქმაში. თალამუსის ზოგიერთი უბანი პრეფრონტალურ ქერქს სიგნალებს გადასცემს. ეს გადაცემა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცნობიერ პროცესებში.

ეს მიგნება დიდი ნაბიჯია ცნობიერების კომპლექსური ბუნების შეცნობაში. ცნობიერების მიღმა არსებული ბიოლოგიური მექანიზმების გაშიფვრა დღემდე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება. აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ცნობიერება შეიძლება ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდეს — ცნობიერი მდგომარეობა (სიფხიზლე ან ძილი) და ცნობიერი შინაარსი (კონკრეტული აღქმა და გამოცდილებები).

ასევე იხილეთ: როგორ ჩნდება ცნობიერება და რა ვიცით მასზე

ცნობიერი მდგომარეობების რეგულირებაში ძირითადად ქერქქვეშა სტრუქტურებია ჩართული, თუმცა მრავალი თეორია ქერქქვეშა-ქერქოვანი ციკლების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. მიუხედავად ამისა, ჩატარებული კვლევების უმრავლესობა დიდი ნახევარსფეროების ქერქზე კონცენტრირდება.

ცნობიერ აღქმაში თალამუსის როლის უკეთ გასაგებად მკვლევართა გუნდმა უნიკალური კლინიკური ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა წამლის მიმართ რეზისტენტული, ქრონიკული თავის ტკივილის მქონე 5 ადამიანი. მათ ტვინში იმპლანტირებული ინტრაკრანიალური ელექტროდები ჰქონდათ. ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: ცდისპირებს ვიზუალური ცნობიერების ამოცანები უნდა შეესრულებინათ, ამ დროს კი მკვლევრებს მათ ინტრალამინარულ, მედიალურ და ვენტრალურ თალამურ ბირთვებსა და პრეფრონტალურ ქერქში სტერეოელექტროენცეფალოგრაფიის (sEEG) აქტივობა უნდა ჩაეწერათ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ინტრალამინარულ და მედიალურ თალამურ ბირთვებში ცნობიერებასთან დაკავშირებული ნეირონული აქტივობა უფრო ადრე და მეტად ძლიერად გამოვლინდა, ვიდრე ვენტრალურ ბირთვებსა და პრეფრონტალურ ქერქში.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა თალამუსსა და პრეფრონტალურ ქერქში — განსაკუთრებით ინტრალამინარულ თალამუსში — ცნობიერი აღქმის დასაწყისში სინქრონიზებული იყო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თალამური უბანი ცნობიერი აღქმის დროს კარიბჭის როლს ასრულებს პრეფრონტალური ქერქის აქტივობის მართვაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.