მეცნიერებმა 7000 წლის წინანდელი ორგანიზმები "გააცოცხლეს"

ფოტო: IOW/S. Bolius
ბალტიის ზღვის ფსკერზე არსებული დანალექი სიცოცხლის ბევრი ფორმისთვის დამღუპველია, რადგან იქ ჟანგბადისა და მზის სინათლის ნაკლებობაა. ასეთ გარემოში გადასარჩენად ზოგი ორგანიზმი მიძინებულ მდგომარეობაში გადადის და პირობების გაუმჯობესებას ელოდება, რათა ისევ გააქტიურდეს.
მეცნიერთა ჯგუფმა მათ ამაში ხელი შეუწყვეს, კერძოდ ჰაერი და მზის სხივები მიაწოდეს. შედეგად, ათასობით წლის განმავლობაში მიძინებული მიკროორგანიზმები "გააცოცხლეს". საუბარია ფიტოპლანქტონებზე, რომელთა ცხოველქმედებაც პასიური ხდება მაშინ, როცა სინათლის ნაკლებობის გამო ფოტოსინთეზი შეუძლებელია.
ჟანგბადის დეფიციტი მათი უჯრედების განადგურებას უშლის ხელს, ამიტომ დანალექი ამ არსებებს დიდხანს ინახავს. ის დროის კაფსულის ფუნქციას ასრულებს და ძველი ეკოსისტემების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მათ შორის დანალექის გაჩენის დროინდელ პირობებზე (წყლის მარილიანობა, ტემპერატურა, ჟანგბადის დონე და ა.შ.).
მეცნიერებმა ბალტიის ზღვის ფსკერიდან ბოლო 7000 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დანალექის შრეების ნიმუშები მოიპოვეს. მათ ცხოველქმედება 12-დან 9 ფენაში ნაპოვნ წყალმცენარეებს დაუბრუნეს. ზედა შრეებში სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი "გააცოცხლეს", ქვემოთ კი ერთადერთი ასეთი ორგანიზმი ერთუჯრედიანი Skeletonema marinoi აღმოჩნდა.
სწორედ ის მოექცა მკვლევართა ყურადღების ცენტრში. ეს ორგანიზმი 6871 წლისაა (±140 წელი). მეცნიერები მის გამრავლებისა და ჟანგბადის წარმოქმნის ტემპს დააკვირდნენ, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ყოველდღიური უჯრედული დაყოფის მაჩვენებელი 0.31 იყო. ასევე, თითო გრამ ქლოროფილზე საათში 184 მოლი ჟანგბადი მოდიოდა.
ეს გასაოცარი მაჩვენებლებია და ცხადყოფს, რომ ხელახლა გააქტიურებულმა ორგანიზმებმა ფუნქციონირება მათი თანამედროვე "შთამომავლების" მსგავსად განაგრძეს. ამის მიუხედავად, სპეციალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ S. mrinoi-ის გენეტიკამ ცვლილება განიცადა. ყოველ ახალ შრეში ერთმანეთისგან გენეტიკურად განსხვავებული ორგანიზმები იყვნენ.
მეცნიერებს აქამდე მზრალი ნიადაგიდან ამოღებული ვირუსებიც "გაუცოცხლებიათ", მაგრამ სადავოა, უნდა მივიჩნიოთ თუ არა ისინი სიცოცხლის ფორმებად. წყალში ამგვარი რამ კიდევ უფრო იშვიათია და ყველაზე ძველი ნიმუში 700 წლისაა. შესაბამისად, ბოლო მიღწევა მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას ისიც, რომ გააქტიურებული ფიტოპლანქტონი ამჟამინდელი ეკოსისტემისთვის საშიში არაა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში ISME Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები