ადამიანთა ტვინებში დიდი ოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
მიკროპლასტმასა უკვე ყველგანაა აღმოჩენილი, მათ შორის ოკეანეებში, ჰაერში და ჩვენს სხეულშიც — გულში, ფილტვებში, პლაცენტაში, არტერიებში, პენისში და ა.შ.
ახლა კი, უკანასკნელი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინში დიდი ოდენობით პლასტმასის მიკრონაწილაკები გროვდება.
მათ გაკვეთილი გვამებიდან ტვინის ქსოვილების 91 ნიმუში მოიპოვეს და გააანალიზეს. შედეგად, სპეციალისტებმა უკლებლივ ყველა მათგანში მიკროპლასტმასას მიაგნეს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამ ნაწილაკების კონცენტრაცია იქ 10-20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმავე ცხედრებიდან აღებულ თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილებში.
ეს მიანიშნებს, რომ სხეულში ტვინის რუხი ნივთიერება მიკროპლასტმასით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული არეალია. კერძოდ, სპეციალისტთა გამოთვლებით, 24 ნიმუშში საშუალო წონის 0.5% სწორედ პლასტმასის მიკრონაწილაკებს ეკავა, რაც მათი განცხადებით, საგანგაშოა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ორგანიზმში მათი მოხვედრა ჩვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა პოტენციური საფრთხეები უხვადაა. მაგალითად, ეს უნაყოფობის რისკთან, იმუნური სისტემის შესუსტებასთან, მეხსიერების გაუარესებასთან და სიმსივნესთანაც კი დააკავშირეს.
ზემოხსენებული ნიმუშების დონორ რამდენიმე ადამიანს დემენცია აწუხებდა, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება. საინტერესოა, რომ მათ ტვინში სხვებზე 10-ჯერ მეტი მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს. ასევე, 2016 წლიდან დღემდე მოპოვებულ ქსოვილებში პლასტმასის კონცენტრაციის ზრდის ტენდენცია გამოვლინდა, რომელიც გარემოში ასეთი ნაწილაკების რაოდენობის მატებას პირდაპირპროპორციულად შეესაბამება.
ავტორთა ნაშრომი, რომელსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია, National Institutes of Health-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები