ტანზანიაში არქაული ადამიანების მიერ 1.5 მილიონი წლის წინ ძვლებისგან დამზადებული უძველესი იარაღები აღმოაჩინეს. ეს მიუთითებს, რომ ამ დროს ჰომინინები უკვე რთულ ტექნიკას ფლობდნენ.

იარაღები ბეჰემოთისა და სპილოს ძვლებისგანაა შექმნილი და ჩვენთვის ცნობილი უძველესი ასეთი ნიმუშებია. ისინი 1 მილიონი წლით უფრო ადრინდელია, ვიდრე ძვლის ნებისმიერი სხვა იარაღი, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. მათმა შემქმნელებმა იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ქვაზე ნაცადი ტექნიკა სულ სხვაგვარი სტრუქტურის მასალაზე, რაც ამ ჰომინინების განვითარებულ კოგნიტიურ შესაძლებლობებზე მიანიშნებს.

მეცნიერებმა 27 ასეთი ძვლის იარაღი შეისწავლეს, რომელთა მისაღებადაც არქაულმა ადამიანებმა ქვის ტექნიკა გამოიყენეს, ანუ დიდი ქვით პატარის ჩამომტვრევა და წაწვეტება. ამ მეთოდის უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება 3.3 მილიონი წლისაა, თუმცა ძვლის იარაღები შედარებით მწირია, რადგან ისინი დროთა განმავლობაში იშლება. უკანასკნელი ნიმუშების დღემდე შემონახვა, სავარაუდოდ, იმის დამსახურებაა, რომ ისინი სწრაფად ჩაიმარხა. დეტალური დათვალიერებით დარწმუნდნენ, რომ უჩვეულო ფორმა მტაცებლის მიერ ძვლის დაზიანებას არ უკავშირდება, არამედ ჰომინინების მიზანმიმართულ ქმედებას.

ტანზანიაში აღმოჩენილი ძვლის განამარხებული იარაღი.

ფოტო: CSIC

ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ 8 იარაღი სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული, 6 ბეჰემოთისგან, დანარჩენი კი — ძროხის მსგავსი უცნობი სახეობისგან. ფიქრობენ, რომ ამ ცხოველთა ძვლები არქაულმა ადამიანებმა სპეციალურად შეარჩიეს, რადგან მათ დასამუშავებლად ხელსაყრელი სიგრძე და სისქე ჰქონდა. კერძოდ, სპილოს ძვლისგან დამზადებული იარაღების სიგრძე 22-დან 38 სანტიმეტრამდე მერყეობს, ხოლო ბეჰემოთის — 18-დან 30-მდე.

დაზუსტებით არ ვიცით, რომელი სახეობის ჰომინინებმა შექმნეს ეს იარაღები. ტანზანიის იმ რეგიონში, სადაც მათ მიაგნეს, 1.5 მილიონი წლის წინ ჰომო ერექტუსიც ცხოვრობდა და პარანთროპუსიც. ასეა თუ ისე, უკანასკნელი მიგნება ადრეული ჰომინინებისა და, ზოგადად, ადამიანის ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.