ვეშაპების "სიმღერასა" და ადამიანურ ენას შორის სტრუქტურული მსგავსება გამოავლინეს

ფოტო: Getty
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კუზიანი ვეშაპების მიერ გამოცემული ხმები ადამიანის ენასთან სტატისტიკურ სტრუქტურას იზიარებს. ეს მიანიშნებს, რომ კულტურული გადაცემის ფენომენი რთული კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კუზიანი ვეშაპების ვოკალიზაციები ცხოველებში "კულტურულად გადაცემული" ქცევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. აქამდე ცოტა მტკიცებულება არსებობდა იმის შესახებ, რომ ეს ხმები ადამიანური ენის მსგავსი სტრუქტურისაა — საუბარია განმეორებადი ელემენტების სპეციფიკურ სტატისტიკურ კანონზომიერებაზე, რომელიც ენის სწავლასა და შემდეგი თაობისთვის გადაცემაში გვეხმარება.
სპეციალისტებმა კვლევისას გამოიყენეს მეთოდები, რომლებიც შთაგონებულია იმით, თუ როგორ სწავლობენ ჩვილები სიტყვებს. მათ რვა წლის განმავლობაში შეგროვებული ჩანაწერები გააანალიზეს, რომლებზეც კუზიანი ვეშაპების ხმები ისმის. შედეგად აღმოაჩინეს, რომ ამ ბგერებში იგივე სტატისტიკური სტრუქტურებია, რომლებიც ყველა ცნობილ ადამიანურ ენაში გვხვდება.
ეს მიგნება გამოწვევის წინაშე აყენებს მოსაზრებას, რომ სტრუქტურირებული კომუნიკაცია უნიკალურად ადამიანური მახასიათებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპების "სიმღერებს" პირდაპირი სემანტიკური მნიშვნელობა არ აქვს (როგორც ადამიანურ ენას), მათში ორგანიზებული სტრუქტურა ვლინდება, რომელიც ჰგავს როგორც საუბარს, ასევე მუსიკას.
ჩვილების მსგავსად, კუზიანი ვეშაპები შესაძლოა, თავიანთ "სიმღერებს" ბგერითი ელემენტებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურების ამოცნობის გზით სწავლობდნენ. ეს მიუთითებს, რომ სწავლასა და კულტურულ გადაცემას კომუნიკაციის სისტემების განვითარებაზე გავლენა მხოლოდ ადამიანებში არ აქვს.
უკანასკნელი აღმოჩენა ენის წარმოშობისა და სხვა სახეობებში რთული კომუნიკაციის შესასწავლად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები