როგორ გვამახსოვრდება სიზმრები — კვლევა

ფოტო: techexplorist
ზოგიერთ ადამიანს გაღვიძებისთანავე დეტალურად შეუძლია თავისი სიზმრების გახსენება, ხოლო სხვებს ერთი დეტალიც არ ამახსოვრდება. რატომ ხდება ასე? IMT School for Advanced Studies Lucca-ის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და "სიზმრების გახსენების" (dream recall) ფენომენის (უნარის, რომლითაც ადამიანი გაღვიძებისას სიზმრებს იხსენებს) გამოკვლევა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრების გახსენებაში განსხვავებები ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, მისი ზუსტი მიზეზები კვლავ საიდუმლოდ რჩება.
ასევე: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც დღის განმავლობაში ფანტაზიორობა (ფიქრებში წასვლა) ახასიათებთ, სიზმრების გახსენება უკეთ გამოსდით. თუმცა, ყველა კვლევა ამ დასკვნებს არ ადასტურებს. ასევე, განიხილებოდა ჰიპოთეზა, რომ პიროვნული თვისებები სიზმრების გახსენებაზე გავლენას ახდენს, მაგრამ ეს კავშირი მონაცემებით ნაკლებად დასტურდება. საინტერესოა, რომ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სიზმრების გახსენება განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მოექცა. პანდემიისას ბევრმა აღნიშნა, რომ დილით სიზმრები გაცილებით ხშირად და ინტენსიურად ახსოვდათ, რაც მეცნიერებს კვლავ უბიძგებს ამ ფენომენის სიღრმისეულ შესწავლისკენ.
ახალი კვლევა, რომელიც კამერინოს უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით ჩატარდა, 2020-2024 წლებში მიმდინარეობდა და მასში 200-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. კვლევის მონაწილეთა ასაკი 18-დან 70 წლამდე იყო. ისინი ყოველდღიურად (15 დღის განმავლობაში) იწერდნენ თავიანთ სიზმრებს, ხოლო მათი ძილის მონაცემები სპეციალური ტესტებისა და მოწყობილობების გამოყენებით განიხილებოდა.
მონაწილეებს მიეცათ ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომლითაც ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე აღწერდნენ თავიანთ სიზმრებს. მათ უნდა აღენიშნათ, ახსოვდათ თუ არა სიზმარი, შეეძლოთ თუ არა შინაარსის გახსენება, და შეძლებდნენ თუ არა სიზმრის დეტალურად გადმოცემას.
კვლევის პერიოდში მათ ეცვათ აქტიგრაფი, რომელიც ძილის მონიტორინგის მოწყობილობაა და ზომავს ძილის ხანგრძლივობას და დარღვევებს. სიზმრების ჩაწერის დასაწყისსა და დასასრულს მონაწილეებს უტარდებოდათ ფსიქოლოგიური ტესტები, რითაც იზომებოდა სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის შფოთვის დონე, ყურადღების გაფანტულობა და მეხსიერება.
მონაწილეებს სიზმრები განსხვავებულად ახსოვდათ. ეს მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. კვლევამ აჩვენა, რომ იმ პირებს, რომლებსაც სიზმრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ და დღის განმავლობაში ფანტაზიორობა მეტად ახასიათებდათ, უფრო მეტი შანსი ჰქონდათ სიზმრები კარგად გაეხსენებინათ.
კვლევებმა დაადგინა, რომ ძილის რეჟიმიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სიზმრების გახსენებაში. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც უფრო ხანგრძლივი მსუბუქი ძილის ფაზები ჰქონდათ, გაღვიძებისას სიზმრებს უფრო ხშირად იხსენებდნენ. მკვლევრებმა დააფიქსირეს, რომ ახალგაზრდებში სიზმრების გახსენების სიხშირე უფრო მაღალი იყო, როდესაც ხანდაზმულები უფრო ხშირად განიცდიდნენ "თეთრ სიზმრებს" — მდგომარეობას, რა დროსაც რაღაც ესიზმრათ, მაგრამ დეტალები არ ახსოვთ.
"კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სიზმრების გახსენება მხოლოდ შემთხვევითობაზე არ არის დამოკიდებული. იგი ასახავს იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს პიროვნული დამოკიდებულება და ძილის დინამიკა", — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი, ჯულიო ბერნარდი, IMT School-ის ზოგადი ფსიქოლოგიის პროფესორი.
მისი თქმით, ეს მიგნებები არა მხოლოდ სიზმრების მექანიზმის უკეთ გაგებას უწყობს ხელს, არამედ აღრმავებს ცოდნას სიზმრების როლზე მენტალურ ჯანმრთელობის შესწავლაში.
"ამ კვლევის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მნიშვნელოვანი საწყისი იქნება სამომავლო კვლევებისთვის, განსაკუთრებით კლინიკური პაციენტებისთვის", — აღნიშნა მკვლევარმა, ვალენტინა ელჩემ — "ეს მონაცემები მეცნიერებს სიზმრების პათოლოგიური ცვლილებების შესწავლისა და მათი პროგნოზირების პოტენციალის შეფასების საშუალებას მისცემს".
კომენტარები