გვხვდება თუ არა კოცნის ფენომენი ცხოველებში?

ფოტო: Getty Images
ადამიანთა საზოგადოებაში კოცნას მნიშვნელოვანი სიმბოლური დანიშნულება აქვს. ერაყში აღმოჩენილი უძველესი ლურსმული წარწერების მიხედვით, ადამიანებში კოცნის ფენომენი მინიმუმ ძვ.წ. 2 500 წლიდან გვხვდებოდა. დღეს მსოფლიოს ამა თუ იმ კულტურაში კოცნა სხვადასხვა ფორმითაა დამკვიდრებული — იქნება ეს რომანტიკული ჟესტი, ოჯახური სიყვარულის გამოხატულება თუ მეგობრული მისალმება.
ვინაიდან ეს ქცევა ასე ფართოდ არის გავრცელებული, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სხვა ცხოველებიც კოცნიან? თუ კი, შეიძლება თუ არა, რომ კოცნას ევოლუციური ფესვები ჰქონდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯერ თავად კოცნის მნიშვნელობა უნდა განვმარტოთ, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
კოცნა უმეტესად დადებითი ემოციების გადმოცემას უნდა ემსახურებოდეს, როგორიცაა რომანტიკული და პლატონური გრძნობები ან სექსუალური ვნება. წიგნის "კოცნის მეცნიერება: რას გვეუბნება ჩვენი ტუჩები" ავტორი შერილ კირშენბაუმი აღნიშნავს, რომ კოცნის მსგავსი ქცევები ცხოველთა სამყაროშიც არსებობს, მაგალითად კუებსა და ციყვებში.
ყველაზე ნათელი მაგალითი მაინც ძაღლების ქცევაა. ისინი პატრონის სახეს ხშირად ლოკავენ, რაც სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა. ეს შეიძლება, მათთვის სხეულის მოვლის ან უბრალოდ სუნის უკეთესად აღქმის საშუალებაც იყოს. ამგვარი ქცევა ხშირად ადამიანის დადებითი რეაქციის გამოცაა წახალისებული.
ამის მიუხედავად, მეცნიერები ცდილობენ, ცხოველების ასეთ მახასიათებლებს ადამიანური ემოციებით არ შეხედონ. მაგალითად, ძაღლის მიერ ჩვენი სახის ალოკვა შესაძლოა, სიყვარულის გამოხატვას ჰგავდეს, მაგრამ დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მას "კოცნის მსგავს ქცევად" მოიხსენიებენ და არა ნამდვილ კოცნად. შედარებისთვის, აფრიკის სავანაში ხშირად ნახავთ ჟირაფებს, რომლებიც ერთმანეთს კისრებს ხვევენ და სახესა და ტუჩებს უხახუნებენ. ეს არა სიყვარულის ნიშანი, არამედ დომინანტობის დასადგენი "რიტუალია".
კოცნიან თუ არა სხვა პრიმატები?
პრიმატები ცხოველთა ერთადერთი რიგია, რომელთა წარმომადგენლებსაც ტუჩების მოპრუწა და ადამიანის მსგავსად კოცნა შეუძლიათ. მათ შორის არიან ბონობოები, რომლებიც ყველაზე "მოსიყვარულე" პრიმატებად მიიჩნევიან. შიმპანზეებთან ერთად, ისინი ჩვენი უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან და განსაკუთრებული სოციალურობით გამოირჩევიან.
ევოლუციური ანთროპოლოგი ვანესა ვუდსი აღნიშნავს, რომ ბონობოების საზოგადოება, რომელსაც ძირითადად მდედრები მართავენ, კონფლიქტებს სექსით აგვარებს და არა აგრესიით. მართალია, ისინი სექსუალური აქტის დროს ერთმანეთს მაინცდამაინც არ "კოცნიან", თუმცა საკვების გაზიარებისა და სხეულის მოვლისას კოცნის მსგავს ქცევას ხშირად მიმართავენ (ტუჩებისა და ენის აქტიური მონაწილეობით).
ბონობოებისთვის ეს ერთგვარი "ურთიერთობის ინდიკატორია". ისინი ამ ჟესტს იმათთან იზიარებენ, ვისთანაც განსაკუთრებული სიახლოვე აქვთ. ვინაიდან პრიმატები სხეულის მოვლის პროცესში კოცნის მსგავს ქცევას იყენებენ, ერთ-ერთმა მკვლევარმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ადამიანის კოცნა შესაძლოა, ამის ევოლუციური გაგრძელება იყოს.
ადრიანო ლამეირას აზრით, პრიმატები მოპრუწული ტუჩებით ერთმანეთის კანზე შეხებით იქიდან ჭუჭყსა ან პარაზიტებს აშორებენ, ეს მოძრაობა კი კოცნას ძალიან ჰგავს. მეცნიერი ფიქრობს, რომ როცა ადამიანის წინაპრებმა ბეწვი დაკარგეს, სხეულის ასეთი მოვლა საჭირო აღარ იყო, მაგრამ ამ პროცესის ბოლო ნაწილი — ტუჩებით შეხება — სოციალური კავშირის ნიშნად დარჩა.
"კოცნა არა მხოლოდ რომანტიკული ან კულტურული ფენომენია, არამედ ევოლუციური მემკვიდრეობაცაა, რომელიც პრიმატების სოციალური ურთიერთობებიდან მოდის", —ამბობს ლამეირა.
ვანესა ვუდსი ამ ჰიპოთეზას ბოლომდე არ ეთანხმება. მისი აზრით, ბონობოებში საკვების გაზიარებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შესაძლოა, კოცნის ევოლუციური ფესვები სწორედ იქიდან მოდიოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კოცნის წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთი რამ ცხადია: სხვა ცხოველებს შეიძლება ჰქონდეთ ქცევები, რომლებიც კოცნას ჰგავს, მაგრამ ადამიანის კოცნის მრავალფეროვნება და ემოციური დატვირთვა მას უნიკალურს ხდის.
კომენტარები