გერმანელმა მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერის მიმდებარედ დედამიწის ქერქის თხელი ფენები გააანალიზეს და იქ რადიოაქტიური ანომალია დააფიქსირეს. კერძოდ, 9-12 მილიონი წლის წინანდელ ქანებში იზოტოპ ბერილიუმ-10-ის მაღალ დონეს მიაგნეს.

ის ცენტრალურ და ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის ქვეშაა. ამის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ ამგვარი ანომალია მთელი ოკეანის ან მსოფლიოს მასშტაბითაც კი ვრცელდებოდეს. ამის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სპეციალისტებს რამდენიმე ვარაუდი აქვთ.

ბერილიუმ-10-დედამიწის ატმოსფეროსთან კოსმოსური სხივების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება, საიდანაც ოკეანეში ხვდება და ლითონებით მდიდარ ღრმა ქერქში ინტეგრირდება. შესაძლოა, 9 მილიონი წლის წინ ოკეანური დინებების ცვლილებას ამ იზოტოპის წყნარი ოკეანის ქვეშ დაგროვება განეპირობებინა. შესაძლებელია, კოსმოსური სხივების წყარო მასშტაბური ფენომენი იყოს — დედამიწასთან ახლომდებარე ზეახალი ვარსკვლავი ან მზის სისტემის გადაადგილება ცივ ვარსკვლავთაშორის ღრუბელში.

ფოტო: HZDR/blrck.de

ბერილიუმ-10-ის შემცველი ფერომანგანუმის ქერქი დედამიწის ყველა ოკეანის ქვეშაა და მილიონწლიანი ქიმიური პროცესების ისტორიას რამდენიმე მილიმეტრიან შრეებში ინახავს. ამ იზოტოპის ნელი რადიოაქტიური დაშლის წყალობით მეცნიერებს შეუძლიათ, რომ მისი მიხედვით ქერქში არსებული მინერალების ასაკი დაადგინონ. თუ, მაგალითად, ნახშირბადული დათარიღების მეთოდით მხოლოდ ბოლო 50 000 წლის მონაცემებს ვიგებთ, ბერილიუმ-10-ზე დაყრდნობით ჩვენს წინაშე სულ მცირე 10 მილიონი წლის ისტორია იშლება.

პირველ ფოტოზე ფერომანგანუმის ქერქის ზომა ავსტრალიური ცენტის ზომასთანაა შედარებული. მეორე ილუსტრაცია ასეთი ქერქების მდებარეობას გვიჩვენებს.

ფოტო: Esri/GEBCO/Garmin/NaturalVue

ახალი კვლევის ავტორებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე ამ იზოტოპის ორჯერ მეტი რაოდენობა აღმოაჩინეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მათი თქმით, ეს ანომალია ოკეანური ცვლილებების ახალი დროითი ნიშნულია. კერძოდ, ფერომანგანუმის ქერქის ერთ-ერთი 50-მილიმეტრიანი ფრაგმენტი 18 მილიონ წელზე მეტით დათარიღდა, ხოლო მთლიანი ქერქის ზრდის მაჩვენებლად ყოველ მილიონ წელში 1.52 მილიმეტრი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ ანომალიის სიღრმე 10.5-დან 11.8 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს შეესაბამება.

მეცნიერები ამბობენ, რომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ბერილიუმ-10-ის რაოდენობის ზრდა მილიონობით წლის წინ. ამის გასაგებად ისინი უფრო მეტი ნიმუშის გაანალიზებას გეგმავენ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.