დააფიქსირეს "მოჩვენება ნაწილაკი", რომელსაც სხვებზე 100-ჯერ მეტი ენერგია აქვს

ფოტო: Shutterstock
მეცნიერებმა ყველაზე ენერგიული "მოჩვენება ნაწილაკი" დააფიქსირეს, თუმცა არ იციან, საიდან მომდინარეობს ის. მან KM3NeT-ის სახელით ცნობილ სპეციალურ ტელესკოპში გაიელვა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ფსკერზეა განლაგებული.
ესაა ნეიტრინო, ელემენტარული ნაწილაკი, რომლის ენერგიამაც 220 კვადრილიონ ელექტრონვოლტს მიაღწია. ეს სხვა ამგვარი ნაწილაკების მაჩვენებელს დაახლოებით 100-ჯერ აღემატება. მისი ტრაექტორია მიანიშნებს, რომ ის კოსმოსური სხივის სახით გადაადგილდებოდა, მაგრამ რამ წარმოქმნა ის, ჯერჯერობით უცნობია. ახალი მიგნების შესახებ კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
"ნეიტრინო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ელემენტარული ნაწილაკია. მას ელექტრული მუხტი არ აქვს, თითქმის არ გააჩნია წონაც და მატერიასთან სუსტად ურთიერთქმედებს. ის განსაკუთრებული კოსმოსური 'მაცნეა', რომელსაც ყველაზე ენერგიული ფენომენების შესახებ ჩვენამდე უნიკალური ინფორმაცია მოაქვს და სამყაროს შორეული რეგიონების გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს", — აცხადებენ მეცნიერები.
ყოველწამიერად ჩვენი სხეულის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრში დაახლოებით 100 მილიარდი ნეიტრინო გადის. ეს პაწაწინა ნაწილაკები ყველგანაა და ვარსკვლავებში მიმდინარე ბირთვული პროცესების, მათი აფეთქების ან რადიოაქტიური დაშლის რეაქციის პროდუქტია. ასევე, ისინი დედამიწაზე ნაწილაკთა ამაჩქარებლებსა და ბირთვულ რეაქტორებში წარმოიქმნება.
ვინაიდან ნეიტრინო მატერიასთან ძალიან სუსტად ურთიერთქმედებს, მისი დაფიქსირება რთულია — განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაწილაკების წყარო შორეული კოსმოსის ზეახალი ვარსკვლავები ან კოსმოსური სხივებია და არა მზე. KM3NeT სწორედ მათ აღმოსაჩენადაა შექმნილი და ერთმანეთისგან განცალკევებული ორი დეტექტორისგან შედგება.
როცა წყალში ნეიტრინო მაღალი სიჩქარით მოძრაობს, ის მკრთალ მოლურჯო ელვარებას ასხივებს, რასაც ჩერენკოვის რადიაცია ეწოდება. მისი მეშვეობით მეცნიერები ნეიტრინოების მეორეული პროდუქტების კვალზე გადიან. სწორედ ეს შეძლეს KM3NeT-ის მეშვეობით 2023 წლის თებერვალში, როცა დეტექტორმა ტალღების ქვეშ, 3.5 კილომეტრ სიღრმეზე, სუბატომური ნაწილაკი მიუონი შენიშნა. მისი მახასიათებლების განსაზღვრის გზით სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ის რეკორდულად ენერგიული კოსმოსური ნეიტრინოს მეორეული პროდუქტი იყო.
ვარაუდობენ, რომ მისი მოძრაობა ისეთმა კოსმოსურმა ობიექტმა დააჩქარა, როგორიც შავი ხვრელი, ზეახალი ვარსკვლავი ან პულსარია. არ გამოირიცხავენ იმასაც, რომ ეს პირველი "კოსმოგენური" ნეიტრინო იყოს, რომელიც სამყაროს მიკროტალღურ ფონთან (პირველყოფილი რადიაცია) კოსმოსური სხივების ურთიერთქმედების შედეგია.
იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის შესახებ მეტის გაგებაში KM3NeT-ის უფრო დიდი დეტექტორის აშენება დაგვეხმარება, რადგან მისი საშუალებით უფრო მეტ მაღალენერგიულ ნეიტრინოს აღმოვაჩენთ.
კომენტარები