ასტრონომებმა ასტეროიდ ბენუდან მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში ჩამოტანილ ნიმუშებში 5-ივე აზოტოვანი ფუძე აღმოაჩინეს. ესაა ნაერთები, რომლებიც დნმ-სა და რნმ-ში გვხვდება. ისინი გენეტიკური კოდის ფუნდამენტური კომპონენტებია და სიცოცხლის ე.წ. საშენ მასალად მიიჩნევა.

გამოვლენილია მინერალებიც, რომლებიც აქამდე მსგავს კოსმოსურ ობიექტში არ დაუფიქსირებიათ. ისინი ნახშირბადით, გოგირდით, ფოსფორით, ფთორითა და ნატრიუმითაა მდიდარი. ასეთი მატერია დედამიწაზე დამშრალი ტბების ფსკერზეა გავრცელებული. ბენუს შემთხვევაში, ისინი მზის სისტემის გაჩენის დროინდელია.

"ბენუზე დაკვირვებით უკვე ვიცით, რომ მის მშობელ ციურ სხეულში სიცოცხლის საშენმა მასალამ საინტერესო და რთული გზებით მოიყარა თავი", — აცხადებენ მეცნიერები.

ბენუ "პოტენციურად საშიში" ასტეროიდების კატეგორიაში ერთიანდება. კერძოდ, 2700-დან 1 შანსია, რომ ის 2182 წელს დედამიწას შეეჯახება. ამის მიუხედავად, მეცნიერთა ყურადღების ცენტრში ეს ობიექტი იმიტომ მოექცა, რომ მზის სისტემის პირვანდელ მატერიას ინახავს.

ბენუმდე მისაღწევად 2016 წელს გაშვებულმა OSIRIS-REx-მა 320 მილიონი კილომეტრი დაფარა, ზედაპირზე 121.6 გრამი გრუნტი შეაგროვა და ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნა. მასალით სავსე კონტეინერი ხმელეთზე პარაშუტით დაეშვა, დაბინძურების რისკის შესამცირებლად კი ნიმუშები სპეციალურ სივრცეში გადაიტანეს. ახალი მიგნების უკან მდგომმა ჯგუფმა ასტეროიდის ნაწილაკები ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით მაღალი გარჩევადობით შეისწავლა.

მათ ნატრიუმის კარბონატი აღმოაჩინეს, რომელშიც ორგანული ნაერთების "წინამორბედი" 11 მინერალი იყო. დედამიწაზე არსებული დამშრალი ტბებისგან განსხვავებით, ისინი ფოსფორით მდიდარი და ნაკლები ბორის შემცველია. ვარაუდობენ, რომ ასეთი ნაერთები მზის სისტემაში მდებარე ისეთ ობიექტებზეც შეიძლება იყოს, როგორიც ჯუჯა პლანეტა ცერერა და სატურნის ყინულოვანი თანამგზავრი ენცელადია.

აზოტოვანი ფუძეები მეცნიერთა სხვა ჯგუფმა დააფიქსირა. მათ ნიმუშებში ადენინს, გუანინს, ციტოზინს, თიმინსა და ურაცილს მიაგნეს. ისინი, რიბოზასა და ფოსფატთან ერთად, დნმ-სა და რნმ-ს ქმნის. ესაა სტრუქტურები, რომლებიც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის ფორმებში გენეტიკურ კოდს აყალიბებს. აქამდე 5-ივე აზოტოვანი ფუძე სხვა ასტეროიდში არ აღმოუჩენიათ, რაც ახალ აღმოჩენას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის.

ორი ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა (1, 2).

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.