იუპიტერის თანამგზავრზე რეკორდული სიმძლავრის ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირეს

ფოტო: NASA/JPL-Caltech/SwRI/ASI/INAF/JIRAM
იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი იო მთელი მზის სისტემის მასშტაბით ვულკანურად ყველაზე აქტიური ციური სხეულია. ამას დიდწილად თავად პლანეტისა და მის გარშემო მოძრავი სხვა თანამგზავრების გრავიტაციული გავლენა განაპირობებს, რომელიც იოს წიაღს ადნობს. მაგმა ზედაპირზე ლავის მდინარეებისა და ამოფრქვევების სახით ამოდის. იქ 400-ზე მეტი ვულკანია, რომელთაგანაც უდიდესი Loki Patera-ს სახელითაა ცნობილი.
იუპიტერსა და მის თანამგზავრებს NASA-ს ზონდი ჯუნო აკვირდება. დეკემბერში, მათთან ბოლოს ჩავლისას, აპარატის ინფრაწითელმა კამერამ Loki Patera-ს მიმდებარედ უმძლავრესი ვულკანური აქტიურობა დააფიქსირა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯუნოს დეტექტორზეც კი იქონია გავლენა.
ასტრონომების გამოთვლების თანახმად, ამ მოვლენის წყარო 100 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე გადაჭიმული ვულკანური წარმონაქმნი იყო, ხოლო ამოფრქვევის სიმძლავრე 80 ტრილიონ ვატს აჭარბებდა. ის მომდინარეობდა უზარმაზარი მხურვალე რეგიონიდან, რომელიც იოს სამხრეთ ნახევარსფეროშია.
"ჩვენი მტკიცებულება მიუთითებს, რომ დაფიქსირებული სიგნალი ერთმანეთისგან განცალკევებული რამდენიმე ცხელი წერტილიდან მოდიოდა, რომელთა მიმდებარედაც ამოფრქვევები ერთდროულად მოხდა. ეს ზედაპირის ქვეშ არსებულ მაგმის რეზერვუართა სისტემაზე მიუთითებს. მონაცემების თანახმად, აღნიშნული ვულკანური აქტივობა ყველაზე მძლავრი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა", — აცხადებენ ჯუნოს მისიაზე მომუშავე მეცნიერები.
ჯუნომ იოს ახლო მანძილზე 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალშიც ჩაუარა, როცა მისი ზედაპირიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრი აშორებდა. უკანასკნელი ჩაფრენისას ზონდი შედარებით შორს იყო — 74 400 კილომეტრ დისტანციაზე. ამის მიუხედავად, ამოფრქვევების სიმძლავრის გამო მისმა სენსორებმა სიგნალი მარტივად დააფიქსირა.
მომდევნო ჯერზე ჯუნო იუპიტერის ვულკანურ თანამგზავრს 3 მარტს მიუახლოვდება, მაგრამ ისეთ მცირე მანძილზეც არა, როგორც ბოლოს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ აპარატი ზემოხსენებული აქტივობის კვალს დააკვირდება და დამატებით ინფორმაციას მიაწვდით.
ცნობისთვის, ჯუნოს მისიის დასასრული 17 სექტემბერსაა მოსალოდნელი.
კომენტარები