ჰომოს გვარის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის დედამიწაზე გატარებული ნახევარი მილიონი წელი კარგი მიღწევაა. ჩვენი წინაპრების უმეტესობა სწორედ ამ ნიშნულთან მიახლოებისას გადაშენდა, მაგრამ არსებობდა არქაული ადამიანის ერთი სახეობა, რომელიც გაქრობას საოცრად დიდი ხნით გადაურჩა.

ეს ჰომო ერექტუსი იყო, ანუ "წელში გამართული ადამიანი". მათ თითქმის 2 მილიონი წელი იარსებეს, რა დროის განმავლობაშიც პლანეტის არაერთ რეგიონში გავრცელდნენ. ისინი მაშინ გადაშენდნენ, როცა დედამიწაზე ჩვენი სახეობა — ჰომო საპიენსი — უკვე არსებობდა.

ასეთი ხანგრძლივი ისტორია ჰომო ერექტუსს ყველაზე წარმატებულ სახეობად აქცევს. შედარებისთვის, ნეანდერტალელები მხოლოდ 400 000 წელი არსებობდნენ და 40 000 წლის წინ გაქრნენ; ჰაიდელბერგელი ადამიანი, ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების საერთო წინაპარი, დედამიწაზე დაახლოებით 500 000 წელი დააბიჯებდა.

რაც შეეხება ევროპულ სახეობა ჰომო ანტესესორს, ის დაახლოებით 1.2 მილიონი წლის წინ გაჩნდა და 800 000 წლის წინ გადაშენდა. ჰომოს გენეალოგიაში უკან თუ წავალთ, მარჯვე ადამიანს მივადგებით, რომელიც აფრიკაში 2.4 მილიონი წლის წინ გაჩნდა და 1.4 მილიონი წლის წინ გაქრა.

ჰომო ერექტუსის არსებობასთან შედარებით, ეს პერიოდი მაინც მცირეა. ეს სახეობა აღმოსავლეთ აფრიკაში დაახლოებით 1.9 მილიონი წლის წინ განვითარდა და მალევე დასავლეთ აზიაში გავრცელდა, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსი 1.85 მილიონი წლის წინ გამოჩნდა.

ამ სახეობამ გავრცელება განაგრძო, საბოლოოდ კი ჩინეთამდე და ინდონეზიამდე მიაღწია, სადაც დაახლოებით 100 000 წლის წინ გადაშენდა. ამ ხანგრძლივი გზის განმავლობაში ჰომო ერექტუსმა ქვის ცულის დამზადება ისწავლა და შესაძლოა, ცეცხლის გამოყენებაც აითვისა.

ჰომო ერექტუსის ყველაზე ახალგაზრდა ნაშთები ინდონეზიის კუნძულ იავაზე აღმოაჩინეს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს სახეობა თანამედროვე ადამიანების გამო გადაშენდა. ამის მიუხედავად, ნაშთები ცხადყოფს, რომ ისინი 25 000 წლით ადრე გაქრნენ, ვიდრე ჰომო საპიენსები ამ კუნძულზე გამოჩნდებოდნენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სახეობის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილება გახდა, რადგან იავას ტყის მასივები ტენიანმა ჯუნგლებმა ჩაანაცვლა. ყველა "მიღწევის" მიუხედავად, ჰომო ერექტუსს ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდა და ამაში ვერც ქვის იარაღები დაეხმარა.

დღეს, როცა კლიმატის ცვლილება ისევ აქტუალურია, ისმის კითხვა: შევძლებთ კი ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, რომ სხვა სახეობების ბედი არ გავიზიაროთ? აფრიკაში 300 000 წლის წინ გაჩენილი ჩვენი სახეობა უკვე საკმაოდ ახლოსაა იმ დროით ნიშნულთან, რომელთან მიახლოებამაც ნეანდერტალელები და სხვა ჰომინიდები გადაშენების გზაზე დააყენა.

მოვახერხებთ თუ არა ამ ბარიერის გადალახვას და ჰომო ერექტუსზე მეტხანს არსებობას? ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევეწინააღმდეგებით კლიმატის ცვლილებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.