ნახეთ: მეცნიერებმა პერუელი მუმიების გასაოცარი ტატუების დეტალები გამოავლინეს
სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი მუმიების კანზე არსებული ტატუების დეტალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ძნელად გასარჩევი იყო, ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით "გაცოცხლდა".
მეცნიერებმა დინოზავრების ნამარხების შესასწავლად შექმნილი მეთოდი — ლაზერული სტიმულირებული ფლუორესცენცია (LSF) გამოიყენეს, რათა პერუს ჩანკაის კულტურის მუმიების სხეულის მოხატულობა 1 200 წლის შემდეგ გამოევლინათ. ეს კულტურა უნიკალური ტექსტილებითაა ცნობილი, თუმცა ტატუირების დეტალებმა აჩვენა, რომ მათთვის სხეულის მოხატვის ხელოვნებაც მნიშვნელოვანი იყო.
LSF ტექნოლოგიამ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ დაეფიქსირებინათ ტატუების თავდაპირველი ფორმა და დეტალები, რომლებიც მელნის გაბუნდოვანებისა და კანის დეგრადაციის გამო თითქმის მთლიანად დაკარგული იყო. ნახატები კანზე იმდენად ვიწრო ხაზებითაა დატანილი, რომ მათი სისქე 0.1–0.2 მილიმეტრს არ აღემატება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტატუები ერთი ნემსის გამოყენებით იქმნებოდა, რაც უფრო დახვეწილ ტექნიკას მოითხოვს.
მკვლევართა თქმით, ჩანკაის ტატუები, სავარაუდოდ, კაქტუსის ეკლების ან ცხოველის ბასრი ძვლების გამოყენებით იქმნებოდა. ასეთი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო არა მხოლოდ სპეციფიკური ტექნიკა, არამედ დიდი გამოცდილება და დრო. ტატუების დეტალები, რომლებიც შთამბეჭდავად წააგავს ჩანკაის ტექსტილისა და კერამიკის ნიმუშებს, მიანიშნებს, რომ სხეულის ხელოვნება ამ საზოგადოების ესთეტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ტატუების ხარისხისა და სირთულის მიხედვით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ტატუირებას განსხვავებული გამოცდილების მქონე ოსტატები ქმნიდნენ. ზოგიერთი ნიმუში შედარებით მარტივია, რაც შესაძლოა, ნაკლებად გამოცდილი ხელოვანების ნამუშევარი იყოს, მაშინ როცა რთული ტატუები მაღალი დონის ოსტატობისა და ათწლეულების გამოცდილებას მოითხოვს.
თანამედროვე მეცნიერებისთვის ამ უძველესი ტექნიკის შესწავლა განსაკუთრებულად ფასეული აღმოჩნდა. მკვლევრები აცხადებენ, რომ კანზე ასეთი ზუსტი ხაზების დატანა თანამედროვე ნემსებითაც კი რთულია.
სამომავლოდ მეცნიერები გეგმავენ, რომ სხვადასხვა კულტურის მუმიები შეისწავლონ, რათა განსხვავებულ ეპოქებსა და ადგილებში ტატუირების პრაქტიკის მნიშვნელობას უკეთ გაეცნონ. მათი თქმით, ტატუები უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის იმ საზოგადოების შესახებ, რომელშიც ისინი შეიქმნა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები