ნახეთ: კოსმოსურმა აპარატმა პლანეტა მერკურის ახლო ხედები გადაიღო
BepiColombo-მ მერკურისთან, მზესთან ყველაზე ახლომდებარე პლანეტასთან, ბოლო ჩაფრენისას მისი ახლო ხედები გადაიღო.
ამ სურათებზე აღბეჭდილია ციური სხეული, რომელზეც ვარსკვლავის გავლენით ექსტრემალური პირობებია. კადრები გვიჩვენებს კრატერებს, რომელთა ბნელ რეგიონებშიც, მეცნიერთა აზრით, ყინულის შრე იმალება და პლანეტის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
მომავალი კვირების განმავლობაში სპეციალისტები ყველა იმ მონაცემს გააანალიზებენ, რომელიც BepiColombo-მ მერკურისთან მიახლოებისას შეაგროვა. ზონდი ახლა მისიის მომდევნო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 2027 წელს დაიწყება და მიზნად პლანეტის დეტალურად შესწავლას ისახავს.
მერკური საკმაოდ საინტერესო პლანეტაა. ის მთვარეზე ოდნავ დიდია და მზესთან ძალიან ახლოს, დაახლოებით 58 მილიონ კილომეტრ მანძილზე, მოძრაობს. ამის გამო მისი ზედაპირი მზის რადიაციისა და ქარის გავლენით მუდმივად ზიანდება. იქ ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, კერძოდ შუადღისას 430 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაშინ როცა ღამით ან ჩრდილიან ადგილებში ეს მაჩვენებელი შეიძლება მინუს 180 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს.
ზედაპირის ქვეშ მერკური ბევრ საიდუმლოს ინახავს: მაგნიტური ველის წარმოქმნის მექანიზმებს; ნახშირბადით მდიდარ ფენას, რომელიც შესაძლოა, ალმასის ფორმით არსებობდეს; პროცესებს, რომლებიც პლანეტის ნელ შემჭიდროებას იწვევს.
2018 წლის ოქტომბერში გაშვებული BepiColombo-ს მისიის მიზანი მერკურის მაგნიტური ველის, თხელი ატმოსფეროსა და ზედაპირის მახასიათებლების შესწავლაა. გზად მისმა კამერებმა მერკურის ზედაპირისა და ვენერას ღრუბლების შთამბეჭდავი სურათები უკვე გადაიღო. ახალი ფოტოები, ადრინდელ მონაცემებთან ერთად, გვიჩვენებს პლანეტას, რომელზეც შეჯახებებმა და ვულკანურმა აქტიურობამ კვალი დატოვა.
ერთ-ერთ სურათში გამოსახულია Nathair Facula, ადგილი, სადაც მერკურის უდიდესი ვულკანური ამოფრქვევის კვალია შემორჩენილი. მის ცენტრში 40 კილომეტრი სიგანის ღიობია. ახლოშივეა ფონტეინის კრატერი, რომელიც შედარებით ახალია, რადგან დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.
2026 წელს BepiColombo-ს ტრანსფერ მოდული მერკურისთან დაბრუნდება, რათა ორბიტაზე ორი კოსმოსური აპარატი განათავსოს: ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ზონდები. თითოეული მათგანი 2027 წელს მთავარ მისიას დაიწყებს და მერკურის შესახებ მონაცემებს განსხვავებული სიმაღლიდან და რაკურსიდან შეაგროვებს.
ეს აპარატები პლანეტის ზედაპირთან 480 კილომეტრზე ახლოს არ მივა, ამიტომ ბოლო სურათები მერკურის ყველაზე დეტალურ ხედებს ასახავს მათ შორის, რასაც ახლო მომავალში ვიხილავთ.
კომენტარები