აღმოაჩინეს 120 000 წლის წინ გადაშენებული ადამიანის სახეობა, რომელსაც გიგანტური თავი ჰქონდა
ჩრდილოეთ ჩინეთში ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს და მას ერთი გამორჩეული ფიზიკური მახასიათებელი აქვს — დიდი თავი!
ჰომო საპიენსის უახლოეს ნათესავებად ნეანდერტალელები და დენისოველები ითვლებიან. ადამიანის ეს ორი სახეობა ჰომო საპიენსთან წყვილდებოდა კიდევაც. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, პრეისტორიული ადამიანის სახეობების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
"გვიანი პერიოდის ჰომინინების ნამარხებს შორის მორფოლოგიური მრავალფეროვნება იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით", — განაცხადეს ახალი კვლევის ავტორებმა.
მეტიც, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მკვლევრების რადარებზე აღმოსავლეთ აზიის ჰომინინის ახალი სახეობის რამდენიმე კანდიდატი გამოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო Homo juluensis-ია.
უძველესი ადამიანი გიგანტური თავის ზომით ჰომინიდების შემსწავლელ მკვლევრებს ახალ შეკითხვებს უჩენს. მკვლევრების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ Homo juluensis რეალურად დენისოველებთან იყო დაკავშირებული და შეიძლება ეს ორი ერთი სახეობაცაა.
ადამიანის ახალი სახეობა — Homo juluensis
1970-იანი წლების ბოლოს ჩინეთში ორ სხვადასხვა ადგილას 16 ადამიანის ნამარხი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ისინი უნიკალურ სახეობებს ეკუთვნოდნენ. ნამარხებში ასევე აღმოაჩინეს ათასობით არტეფაქტი, ქვის იარაღები და ცხოველების ძვლები.
მაშინ მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ნამარხში ჭარბობდა ცხენების ნაშთები. როგორც ჩანს, homo juluensis გარეულ ცხენებზე ნადირობდა. ბუნებრივია, მალევე გაჩნდა შეკითხვები, თუ რა დაემართა ადამიანის ამ სახეობას და როგორ გადაშენდა ის.
მკვლევრები თვლიან, რომ ეს ჰომინიდები მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ. რაც შეეხება მათ გადაშენებას, სახეობის კვალი დაახლოებით 120 000 წლის წინ ქრება — ეს თანამედროვე ადამიანის მიგრაციას ემთხვევა.
მკვლევრებმა ადამიანის ეს სახეობა თავიდან შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ ის სხვებისგან გამორჩეულია. მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი მსგავსება ამ ჰომინინს დენიოსველთან აქვს. განსაკუთრებული მსგავსებაა კბილების მხრივ, რაც მეცნიერებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დენიოსველები ამ ახლად აღმოჩენილ სახეობასთან უფრო კვეთაში არიან, ვიდრე ნეანდერტალელებთან.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ევოლუცია ძალიან კომპლექსური პროცესი იყო და ახალი სახეობის აღმოჩენა ამის კიდევ ერთი დასტურია.
კომენტარები