ადგილობრივი მოსახლეობა ჭიათურაში დეგრადირებული ნიადაგის აღდგენისათვის
ჭიათურა გარემოსდაცვითი საჭიროებების მხრივ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი რეგიონია. მანგანუმის მოპოვების გამო მუნიციპალიტეტის ჰაერი, ნიადაგი და წყალი დაბინძურებულია, ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის გამოსწორება CENN-ის, ევროკავშირისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დახმარებით სცადა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის მარტში დასრულდა, ადგილობრივმა ასოციაციამ "მხარდამხარ" ერთ ჰექტრამდე ტერიტორიას დაუბრუნა სიმწვანე. მათ CENN-ისა და ევროკავშირის კლიმატის პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და ამის გასაკეთებლად IUCN-ის თანადაფინანსებაც მიიღეს.
პროექტის შესახებ NEXT.On.ge თეონა კაპანაძეს, პროექტის კოორდინატორსა და ასოციაციის წევრს გაესაუბრა.
"ჩვენი მუნიციპალიტეტი ზოგადად არის მოწყვლადი რეგიონი გარემოსდაცვითი კუთხით, რადგან აქ წლების განმავლობაში ხდებოდა მანგანუმის გატანა. ამან ზიანი მიაყენა ჩვენთან არსებულ ეკოგარემოს, დაბინძურდა ჰაერი, წყალი, დაზიანდა ნიადაგები, მივიღეთ ათობით ჰექტარი დეგრადირებული ნიადაგი", — ახსნა თეონამ.
ამ პრობლემების საპასუხოდ ასოციაციამ გადაწყვიტა, ნიადაგის აღდგენა დაეწყო. პროექტის გუნდმა 1 ჰექტრამდე ფართობი, 2 ნაკვეთი, შეარჩია სოფელ ზოდი-დარკვეთის ტერიტორიაზე.
მათ ჯერ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს, რათა მოქმედების დაწყებამდე მიწის პრობლემები და საჭიროებები უკეთ შეეფასებინათ.
"ჩავატარეთ კვლევა, რათა განგვესაზღვრა, რა სახის ბიოსასუქი მიგვეწოდებინა ნიადაგისთვის, რომ დარგვის შემდეგ ნერგებს გახარების პრობლემა არ შეჰქმნოდა", — გვითხრა თეონამ.
როგორც მოგვიყვა, დაზიანებული ტერიტორია უსწორმასწორო რელიეფის გამო ჯერ მოასწორეს და შემოღობეს. ამის შემდეგ მიწა გააფხვიერეს და ორმოები ამოიღეს, ნიადაგში კი ბიოსასუქი შეიტანეს. ბოლოს შეიძინეს და დარგეს იმ მცენარეთა ნერგები, რომლებიც ადგილობრივ კლიმატთან ისედაც ადაპტირებული იყო: აკაცია, კვიპაროსი, პავლოვნია და ტყემალი.
თეონა ფიქრობს, რომ "ეს მეწყრული პროცესების შეჩერებასა და CO2-ის შემცირებას გამოიწვევს". სარგებელია ისიც, რომ "შეიქმნა გამწვანებული ლოკაცია, სადაც ადამიანებს შეეძლებათ შეისვენონ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ".
ცნობისთვის, გზის ნაპირზე ორ ზოლად კვიპაროსები დაირგო, რაც ქარისაგან გამოწვეულ საფრთხეს შეამცირებს.
გარდა ნიადაგზე ჩატარებული სამუშაოებისა, პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებიც გაიმართა ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
იმისათვის, რომ ხალხს კლიმატის ცვლილების არსი და გარემოზე მისი ზემოქმედება უკეთ გაეცნობიერებინა, ასოციაციამ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორთან, ქეთევან ცხაკაიასთან, თანამშრომლობით ტრენინგი ჩაატარა, რომელსაც ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ნოდარ ჯიქიასთან ერთად ჩატარდა ტრენინგი აქტიური მოქალაქეობის შესახებაც; შეხვედრა გადაწყვეტილებების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის წახალისებას ემსახურებოდა.
ფოტო: თეონა კაპანაძე
თეონას აზრით, ტრენინგებმა გარემოსდაცვითი აქტივიზმი წაახალისა და შემდგომი აქტივობებისთვის კარგი საფუძველი შექმნა.
შეხვედრების ჩატარების შემდეგ ასოციაციამ პეტიცია მოამზადა მოთხოვნით, რომ 2024 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტს 30 ათასი ლარი გამოეყო, რათა 2007 წლამდე დაზიანებული ნიადაგი აღედგინათ (კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში სწორედ ამ დროს დაიწყო მუშაობა). პროექტის გუნდმა შეძლო და საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა:
"შევაგროვეთ ხელმოწერები. ასევე, პროცესში ჩავსვით იმერეთის კლიმატის სამოქმედო ჯგუფი. ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტის მერიამ დასტურის წერილი გამოგვიგზავნა".
მსგავსი პროექტის განხორციელებამ ასოციაციასაც ახალი ცოდნა და გამოცდილება მოუტანა, მათ შორის სფეროში მომუშავე სპეციალისტების დახმარებითაც.
"შეიძლება, დეტალებში იმდენად არ ვიყავით გარკვეული და საქმემ ბევრი რამ გამოააშკარავა, რაღაც გამოწვევის წინაშე დაგვაყენა", — გვითხრა თეონამ — "ორგანიზაცია მხარდამხარ ამ საქმეში პირველად ჩაერთო, თუმცა გარკვეული კონსულტაციები გავიარეთ ჭიათურელთა კავშირთან და CENN-ის ექსპერტთანაც".
გაუდაბნოებასა და CO2-ის მოჭარბებასთან ბრძოლა პროექტის ფარგლებში ნერგების დარგვით გადაწყვიტეს. შესაბამისად, დრო იქნება საჭირო, სანამ ნერგებიდან ხეები აღმოცენდება და ძალისხმევა გარემოსთვის შესამჩნევ შედეგებს გამოიღებს.
თეონამ დასძინა, რომ რეგიონის მოწყვლადობის გამო მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, მიღებული გამოცდილების საფუძველზე კი ბოლოს პირადად მონაწილეობის მზაობაც გამოთქვა.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში — გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კომენტარები