მარნეულის მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი — როგორ ეხმარება HEKS/EPER გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას
საქართველოში მოქალაქეები, როგორც წესი, ნაკლებად არიან ჩართული ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მარნეულის მუნიციპალიტეტში, მისი ეთნიკური სიჭრელის გამო.
ოთხი წლის წინ, CENN-მა შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მარნეულში დაიწყო პროექტი “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა — PRAISE Marneuli”.
ინიციატივა მიზნად ისახავდა ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვას ( მაგალითად: თესლბრუნვა, ნიადაგის მინიმალური დამუშავება, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რეზისტენტული ჯიშების გამოყენება, კულტურათა დივერსიფიკაცია), მეორე მხრივ კი, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც ხელს უშლის კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებას/ადაპტაციას.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმოდგენილი აქტორების გაერთიანებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად.
ასე ჩამოყალიბდა მარნეულის მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის მთავარი ამოცანაა, მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება, მოსახლეობის ინფორმირება, იდენტიფიცირებული საკითხების ადვოკატირება და პრობლემების გადაჭრაში წვლილის შეტანაა.
ჩვენ სამუშაო ჯგუფის წევრებს, ნონა სამხარაძეს, ვლადიმერ ჩხიტუნიძესა და ნათია ოქროპირიძეს ვესაუბრეთ. ისინი გვიყვებიან, რა საკითხებზე მუშაობენ, რა არის მათი მიზანი და როგორ აგვარებენ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს.
“მრავალსექტორულმა სამუშაო ჯგუფმა გაგვაერთიანა ადამიანები სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებიდან — ერთმანეთისგან განსხვავებული ცოდნით და გამოცდილებებით. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ”, — გვიყვება ნონა.
ის ამბობს, რომ მარნეულში სოფლის მეურნეობის დარგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სარწყავ წყალს უკავშირდება. ზოგიერთ სოფელში არხები არ არის გაწმენდილი, ზოგან კი გაწმენდილია, მაგრამ წყლის მიწოდება მაინც არ ხდება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნონა და მისი კოლეგები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ამჟამად, სარწყავი წყლის თემაზე მუშაობენ ახლად ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფ, "კერას" ფარგლებში, რომელიც მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი კომპონენტი და გაგრძელებაა.
კერძოდ, „კერას“ ინიციატივა გულისხმობს მარნეულის სამ სოფელში, წითელ სოფელში, თაქალოსა და მარადისში მოსახლეობისთვის სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
“ამისთვის ვმუშაობთ ადგილობრივებთან, ვაწვდით საჭირო ინფორმაციას, რომ თავადაც შეძლონ ამა თუ იმ პრობლემური საკითხის დღის წესრიგში დაყენება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა”, — აღნიშნავს ნონა.
ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ სოფლის წარმომადგენლები საკუთარი თვალით ხედავენ და გრძნობენ, რა პრობლემებია თემში. ყოველდღიურად, პირადად აწყდებიან ამ წინაღობებს. უწყლობის გამო, არაერთ მათგანს უფუჭდება მოსავალი, მაშინ როცა სარწყავ წყალზე საკმაოდ დიდი ფინანსები იხარჯება.
მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნათია ოქროპირიძე ამბობს, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანია ამ და სხვა პრობლემების არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოგვარება, არამედ ისეთი სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითშეგნების ჩამოყალიბება, რომლის დახმარებით ადამიანები დამოუკიდებლად შეძლებენ თემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას და მათი მოგვარების მოთხოვნით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას.
"ამისთვის ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ვატარებთ ადვოკატირების კამპანიებსაც. ვბეჭდავთ საინფორმაციო ბროშურებს სამ ენაზე: ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად და ვავრცელებთ მოქალაქეებში. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები", — ამბობს ის.
მოქალაქეთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე ადვოკატირებენ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებითაც. ნონა სამხარაძის აზრით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად საჭიროა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
მაგალითისთვის, სოფელ მარადისში უკვე დანერგილია წვეთოვანი მორწყვის სისტემები და აქ ფერმერები იყენებენ ბოსტნეულის ისეთ ჯიშებს, რომლებიც უკეთ უძლებენ გვალვასა და ყინვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევაა.
"მნიშვნელოვანია, კომპეტენტურმა ადამიანებმა ფერმერებს მიაწოდონ ინფორმაცია იმ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილებებთან ერთად ინერგება."
მარნეულში არსებული პრობლემების შესახებ გვიყვება ვლადიმერ ჩხიტუნიძეც. ის ამბობს, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა ნარჩენების მართვა. ამ საკითხის მოგვარებაში მათი, როგორც სამუშაო ჯგუფის როლი, შესაბამის პირებამდე ინფორმაციის მიტანაა.
"ჩვენ საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, ხშირად ვაგროვებთ ხელმოწერებს ადგილობრივებში და მივმართავთ ამა თუ იმ დაწესებულებას. მახსენდება შემთხვევა, როდესაც ჩვენი მიმართვების შემდეგ, მარნეულში გაიწმინდა ცენტრალური არხი, რომელიც ძალიან დაბინძურებული იყო", — გვიზიარებს ვლადიმერი.
ის ამბობს, რომ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მარნეულში ამ მიმართულებით არსებობს, ბევრი შრომაა საჭირო და შედეგების ხილვა და შეფასებაც უფრო მკაფიოდ მომავალში იქნება შესაძლებელი. თუმცა დარწმუნებულია, რომ მსგავსი პროექტები მარნეულს განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება.
"ყველა აღნიშნავს, რომ მარნეული არის ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი ადგილი საქართველოში, სადაც ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი და პირობებია. მაგრამ ამ ყველაფრის უკან არის უდიდესი შრომა ოჯახების და ამ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება და ხელშეწყობა."
ნათია გვიზიარებს, რომ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემაა რეგიონისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. ამიტომ, იმედოვნებს, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ.
მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფის შესახებ ჩვენ აგრეთვე ვესაუბრეთ CENN-ის წარმომადგენელს, სოფიკო ბაბალაშვილს. ის იმ სარგებლის შესახებ გვიყვება, რაც ამ ჯგუფს/გაერთიანებას მარნეულისთვის მოაქვს.
უპირველეს ყოვლისა, სოფიკო გამოარჩევს ჯგუფის მოდელს, რომელიც ითვალისწინებს მრავალსექტორულობას და წარმომადგენლობითობას (ასაკობრივი, გენდერული თუ ეთნიკური ბალანსი). ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერი პრობლემის იდენტიფიცირებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებისას ყველა მხარის პერსპექტივა თანაბრად იყოს განხილული და მათი ინტერესები და საჭიროებები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული.
მისი თქმით, ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია მარნეულში, როგორც ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში.
"მაგალითად, ჯგუფში ეთნიკურად სომეხი წევრის ყოფნამ, ხელი შეუწყო სომხურენოვანი სოფლების საჭიროებების გაჟღერებასაც და ადვოკატირების კამპანიების ფარგლებში ამ სოფლების დაფარვას."
სოფიკოს აზრით, მთავარი, რასაც მულტისექტორულმა სამუშაო ჯფუგმა ხელი შეუწყო ის არის, რომ გააერთიანა მრავალფეროვანი გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე ადამიანები/აქტორები, ვისაც აწუხებთ და გული შესტკივათ თავიანთ მუნიციპალიტეტზე. მისი თქმით, ისინი ყოველთვის დაინტერესებული იყვნენ მარნეულში არსებული მდგომარეობით, ახლა კი შესაძლებლობა აქვთ ერთიანი ძალებით და უფრო სისტემური, თანმიმდევრული და კოორდინირებული მიდგომით იმუშავონ ამ პრობლემების გადასაჭრელად.
სტატია შექმნილია პროექტის, "კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli" – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.
კომენტარები