სვერის საჯარო სკოლაში წყალი მზის ენერგიის გამოყენებით თბება. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა, 2023 წლისთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში, სკოლის ტერიტორიაზე, მზის პანელები დაამონტაჟეს.

ეს მოწყობილობები მზის სხივებისაგან მიღებულ ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის. ჰელიოსისტემის წყალობით სკოლას ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღარ უწევს, დაზოგილი ფინანსური რესურსით კი მოსწავლეთა სხვა საჭიროებების უზრუნველყოფაა შესაძლებელი.

ეს ინიციატივა სვერის სათემო კავშირს ეკუთვნის. იგი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც CENN-ის კლიმატის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერით.

თამაზ ცუცქირიძემ, სვერის სათემო კავშირის თავმჯდომარემ და სკოლის იმდროინდელმა დირექტორმა, On.ge-სთან საუბრისას გაიხსენა, რომ პროექტის იდეა გაკვეთილზე გაჩნდა. იგი მეთერთმეტეკლასელებთან ერთად იმყოფებოდა, როცა ტელეფონით ახალი შესაძლებლობის შესახებ ამცნეს.

"დამირეკა პარტნიორმა ორგანიზაციამ, რომ ტარდებოდა ტრენინგი განახლებად ენერგიაზე, რომელსაც CENN-ის წარმომადგენლები ატარებდნენ, და ჩემი გაკვეთილიდან ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩავერთე ამ ტრენინგში. მაშინ გაჩნდა ეს იდეა, რომ სკოლისთვის გამეკეთებინა მსგავსი რამ", — გვითხრა თამაზმა.

თამაზ ცუცქირიძე, სვერის სათემო კავშირის თავმჯდომარე

თამაზ ცუცქირიძე, სვერის სათემო კავშირის თავმჯდომარე

ფოტო: together.eu

მისი აზრით, მზის ენერგიის გამოყენება დაგვეხმარება, რომ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები შემსუბუქდეს. ჭიათურისა და სოფლის შეზღუდული რესურსის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსგავსი მიდგომა საშუალებას იძლევა, ელექტროენერგიაში თანხა დავზოგოთ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის დასაწყისში სვერის საჯარო სკოლაში მზის პანელები დამონტაჟდა, რომლებიც მზის სხივები ელექტროენერგიად გარდაქმნის.

"ეს არის მიკროელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და გამომუშავებული ელექტროენერგია ხმარდება სკოლაში წყლის გათბობას", — აგვიხსნა თამაზმა.

ჰელიოსისტემის მთავარი სარგებელი ისაა, რომ სკოლა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. დაყენებიდან დღემდე მზის პანელებმა დაახლოებით 20 ათასი კილოვატი ენერგია გამოიმუშავა. შედეგად სკოლამ დაახლოებით 6500 ლარი დაზოგა, ხოლო, როგორც თამაზმა გვითხრა, "დაზოგილი ფულით სკოლას შეუძლია, სასწავლო თვალსაჩინოებები შეიძინოს" და რესურსები სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართოს.

საგულისხმოა ისიც, რომ, თამაზის განმარტებით, პროექტზე დახარჯული თანხის "ამოღებას" ელექტროსადგური დაახლოებით 5-6 წელში შეძლებს, ხოლო თავად სისტემას კი მუშაობის 25-წლიანი გარანტია აქვს.

ადგილობრივი მოსახლეობა ინიციატივას თავიდან ინტერესითა და ნაწილობრივ შიშით შეხვდა, რადგან მასზე და მის უსაფრთხოებაზე ბევრი არაფერი იცოდნენ. სანამ სისტემა თავის სარგებლიანობას დაამტკიცებდა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა სკოლის მოსწავლეებსა და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს საგანმანათლებლო ხასიათის ტრენინგები ჩაუტარეს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასა და განახლებადი ენერგიის წყაროებს ეხებოდა.

გარდა ცნობიერების ამაღლებისა, ამან მზის ენერგიის პოპულარიზებაც მოიტანა. შედეგად, თამაზის თქმით:

"ახლახან, დაახლოებით ორი თვის წინ, ერთ-ერთმა ფერმერმა საკუთარი ელექტროსადგური დაამონტაჟა, ესეც ევროპული დაფინანსებით".

პროექტი პირადად თამაზ ცუცქირიძისთვისაც ღირებული აღმოჩნდა. კლიმატის ცვლილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ მეტი გაიგო და კარგად გაიაზრა ისიც, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თუნდაც მცირე წვლილის შეტანა ამ საქმეში. თამაზს სხვებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მიეცა:

"გსიამოვნებს, როცა შენ უზიარებ გამოცდილებას სხვას და უმტკიცებ ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობას. ეს ძალიან კარგი რამეა".

"მე საამაყოდ დამრჩება ეს პროექტი და სკოლას კი უწყვეტი ენერგიის წყაროდო", — დასძინა თამაზ ცუცქირიძემ და გაგვანდო, რომ სამომავლოდ მზის ენერგიის გამოყენებით ღამის განათების მოწყობაც სურს სოფლის ძირითად მაგისტრალზე.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში — გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.