ტრამპი პრეზიდენტია: რა ვერ გათვალეს დემოკრატებმა? — ინტერვიუ გიორგი ხატიაშვილთან
არჩევნები, რომელსაც ალბათ მთელი პლანეტა ადევნებდა თვალს და რომლის შედეგები, მეტწილად, განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის მომდევნო 4 წელს, დასრულებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ექსპრეზიდენტი, რომელმაც მეორე ვადა ჯო ბაიდენთან დათმო — თეთრ სახლში დაბრუნდა.
ტრამპი წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მის პოლიტიკას ახასიათებენ, როგორც არაპროგნოზირებადს. წინა საპრეზიდენტო ვადამ გვიჩვენა, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებები მეტისმეტად ხმაურიანია, თუმცა როცა საქმე მათ შესრულებაზე მიდგება პრეზიდენტი ტრამპი თავის სიტყვებისადმი დიდ ერთგულებას არ ავლენს.
ტრამპმა მოიგო თუ დემოკრატებმა წააგეს? — ამ კითხვას საქართველოშიც და დასავლეთში, არაერთი ანალიტიკოსი სვამს, თუმცა მასზე პასუხი ვერ შეცვლის ფაქტს, რომ სენატსაც და თეთრ სახლსაც მომდევნო 4 წელი რესპუბლიკელები გააკონტროლებენ, რაც მთელ მსოფლიოს გარდაუვალი ცვლილებების პირისპირ აყენებს, მაგრამ ჯერჯერობით ბევრისთვის ბუნდოვანია ამ ცვლილებების ქარი საით დაუბერავს.
2024 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი შედეგების მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის ლექტორს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ხატიაშვილს ვესაუბრეთ:
როგორ ფიქრობთ, რა იყო ტრამპის წარმატების მთავარი მიზეზი და მის გამარჯვებას აფასებთ თუ არა, როგორც მოულოდნელს?
დონალდ ტრამპის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევაში სხვაობა მასსა და კამალა ჰარისს შორის იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ორივე კანდიდატს გამარჯვების თითქმის თანაბარ შესაძლებლობას უტოვებდა. გაცილებით მოულოდნელი იყო, რომ დონალდ ტრამპი პირველი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატია 2004 წლის შემდგომ, რომელმაც არა მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის, არამედ ამერიკელი ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.
ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახლდება ის, რომ მან მოახერხა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი ჯგუფების ნაწილი თავისკენ მიიმხრო, კერძოდ შავკანიანი და ლათინოსი კაცები, რაც საკმარისი აღმოჩნდა მერყევ შტატებში უპირატესობის მოსაპოვებლად.
მაგალითისთვის, მთლიანად ამერიკის მასშტაბით ტრამპმა ლათინოსი კაცების 54% მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 18%-იან ზრდას წარმოადგენს. ისეთ გადამწყვეტ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლონა ტრამპმა შავკანიანი მამაკცების ხმების 16% და 20% მოიპოვა.
აღსანიშნავია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გავლენა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მიჩიგანის შტატში, სხვაობა ტრამპსა და ჰარისს შორის დაახლოებით 85 ათასი ხმაა. არაბებით და მუსლიმებით დასახლებული ქალაქი დირბორნი ბაიდენმა 2020 წელს 74%-ით მოიგო. ოთხი წლის შემდეგ, იმავე ქალაქში რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვაწყდებით: ტრამპი იმარჯვებს 42%-ით, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მხარდაჭერა 36%-მდე შემცირდა.
საბოლოო ჯამში დემოკრატიულმა პარტიამ შეცდომათა მთელი ჯაჭვი დაუშვა. მოქმედი პრეზიდენტისადმი ღრმა პატივისცემის მოუხედავად, დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტს უნდა აეხსნა ჯო ბაიდენისთვის, რომ 81 წლის ასაკში მეორე ვადით კენჭისყრა ნარცისიზმი და პოლიტიკური თვითმკვლელობაა. ამის მაგივრად, ბაიდენმა პრაიმერიზი მოიგო და მხოლოდ ტრამპთან დებატების ფიასკომ აიძულა დემოკრატიული პარტიის ელიტა "სასახლის კარის გადატრიალება" მოეწყო და ბაიდენი ჩამოეცილებინა საპრეზიდენტო ბრძოლას.
ამავდროულად, ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის მიღმა შედგა კამალა ჰარისის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის "კორონაცია" — მას საპრეზიდენტო კანდიდატობა ლანგარზე მიართვეს. კამალა ჰარისმა მემკვიდრეობით მიიღო ბაიდენისდმი დაგროვებული უკმაყოფილება, განსაუთრებით კი მაღალი ინფლაციის გამო. იმ მოკლე დროში რაც მას ჰქონდა, ის არ და ვერ გაემიჯნა ბაიდენს და საბოლოოდ ამომრჩეველმა ბაიდენზე დაგროვებული ჯავრი მასზე იყარა.
და ტრამპი პრეზიდენტია. როგორი იქნება მისი 4 წელი? მართალია ის არაპროგნოზირებადი ლიდერია, მაგრამ თქვენ ყოველდღიურად ჩართული ხართ აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე ახლოდან ადევნებდით თვალს ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადას. რისი თქმა შეგიძლიათ?
ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი გამოწვევაა გუნდის სწორად დაკომპლექტება. მას 4000-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირი ჰყავს დასანიშნი. 2016 წლისგან განსხვავებით ის ეცდება რომ ეს პროცესი ნაკლებად ქაოტური და მეტად ორგანიზებული იყოს. ტრამპის ამოცანას წარმოადგენს მისი ერთგული ადამიანების საკვანძო თანამდებობაზე განმწესება, რომლებიც წინა საპრეზიდენტო ვადისგან განსხვავებით, მის ბრძანებებს უსიტყვოდ შეასრულებენ.
გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, ტრამპს სურს გარდაქმნას მთელი ფედერალური ბიუროკრატია. აპოლიტიკური საშუალო რგოლის კარიერული საჯარო მოხელეები, ტრამპის აზრით მისი პირველი ვადის მსგავსად შეეწინააღმდეგებიან მისი დღის წესრიგის განხორციელებას და საჭიროა მათი ასევე ერთგული ხალხით ჩანაცვლება. ტრამპს საჯაროდ აქვს გაცხადებული რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლებს სპეციალურ პროკურორ ჯეკ სმითს, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს.
შიდა პოლიტიკაში ტრამპის უმთავრესი დაპირება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება და მასობრივი დეპორტაციების დაწყებაა. საგარეო პოლიტიკაში მისი დაპირებები უფრო ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ახალი ადმინისტრაციისთვის ურთულესი გამოწვევა იქნება ამ ზოგადი განცხადებების კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში თარგმნა. მაგალითისთვის, ტრამპი ერთდროულად ისრაელის გულმხურვალე მხარდამჭერია, მეორეს მხრივ კი მიჩიგანელ არაბებს დაჰპირდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას. საინტერესოა როგორ შეძლებს ტრამპი ამ ორი ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი პოზიციის შეჯერებას და განახორციელებს თუ არა ის რეალურ წნეხს ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე.
ტრამპი ასევე პირობას დებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს უსწრაფესად დაასრულებს თანაც ისე რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ დაზარალდეს. ამ გადმოსახედიდან ეს წარმოუდგენლად მოჩანს. ტრადიციულად უნდა ველოდოთ ჩინეთთან კონკურენციის გამწვავებას და ევროპელების დამუნათებას რომ ნატოს შესანახად საკმარისს არ იხდიან.
საქართველოში მის გაპრეზიდენტებას სიხარულით შეხვდნენ ქართული ოცნების წევრები, ასევე მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი. საფუძვლიანია ეს სიხარული? და ზოგადად რა გავლენა ექნება ტრამპის არჩევას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე?
პირველ რიგში უნდა ითქვას, საქართველოს საკითხს, ისრაელისგან განსხვავებით, არ გააჩნია ისეთი წონა და პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ პირადად ტრამპის დონეზე გადაწყდეს. უფრო სავარაუდოა, რომ როგორც აქამდე იყო, საქართველოსადმი პოლიტიკა ჩამოყალიბდება სახელმწიფო დეპარტამენტის საშუალო ბიუროკრატიულ რგოლში.
მეორეს მხრივ, ურთიერთობების ე.წ. დალაგებას ჯერ სჭირდება აღიარება თუ ვინ, რა, და რატომ არია ამ ურთიერთობებში. მსგავსს მზაობას მე საქართველოს მთავრობისგან ვერ ვხედავ. ხოლო აზრი რომ ტრამპი ცალმხრივად გადატვირთავს ურთიერთობებს ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად ზოგიერთის მოლოდინი, რომ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შუამავლობით რამე გარდატეხა შეიძლება მოხდეს, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია. ამავდროულად, დონალდ ტრამპი გაცილებით ანტიჩინურ პოზიციებზეა ვიდრე დემოკრატები.
შესაბამისად, არ მგონია მისი ადმინისტრაცია თბილად შეხვდეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ დაახლოებას ჩინეთთან.
კომენტარები