უგანდის თავშესაფრის შიმპანზეებმა ის უნარი გამოავლინეს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ადამიანებს თუ მიაწერდნენ — მტკიცებულების საფუძველზე გარკვეული მოლოდინების შექმნა, საწინააღმდეგოს გაგების შემდეგ კი მათი უარყოფა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება არც ისე უცნაურად ჟღერს, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ ამას ყოველთვის ადამიანებიც კი ვერ ვახერხებთ (დიახ, მათ შორის, ვერც თქვენ).

პრიმატების ამ უნარის უკეთ გასაგებად კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: შიმპანზეებს წინ 2 ყუთი დაუდეს, რომელთაგან საკვები მხოლოდ ერთში იყო. მათ მაიმუნებს მინიშნებაც მისცეს, თუ რომელი ყუთი ინახავდა ჯილდოს. კვლევის მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ შიმპანზეებს არამხოლოდ აზრი შეეცვალათ (იმაზე, თუ რომელი ყუთი უნდა გაეხსნათ), არამედ მტკიცებულების სიძლიერე შეეფასებინათ.

"ჩვენ მათი პირველი და მეორე არჩევანი ჩავწერეთ, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს შევადარეთ: რამდენად შეიცვალეს შიმპანზეებმა აზრი" — განმარტა კვლევის ავტორმა, ემილი სენფორდმა — "გარდა ამისა, გამოთვლითი მოდელებიც გამოვიყენეთ, რათა შეგვემოწმებინა, თუ რამდენად ესადაგებოდა მათი არჩევანი მსჯელობის სხვადასხვა სტრატეგიას".

აღმოჩნდა, რომ ცდისპირებმა არამხოლოდ ის შეამჩნიეს, რომ ფაქტები შეიცვალა, არამედ ისიც განსაზღვრეს, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილების შესაცვლელად საკმარისი პირობა. ასეთ მოქნილ მსჯელობას უმეტესად მინიმუმ 4 წლის ბავშვებს მივაწერთ. ახლა უკვე დადგინდა, რომ ეს უნარი შიმპანზეებსაც აქვთ.

შიმპანზეები ვიზუალური არსებები არიან, ამიტომ მათთვის ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება ყუთში საკვების დანახვა აღმოჩნდა. პრიმატებმა ყუთიდან მომავალი ხმები ნაკლებად სარწმუნოდ მიიღეს, ყუთის გარშემო დაყრილი საკვების ნარჩენები კი — ყველაზე სუსტ მტკიცებულებად. თავისთავად, შიმპანზეები უშეცდომო არ არიან, მაგრამ მათ რაციონალური არჩევანი 2-3-ჯერ უფრო მეტად გააკეთეს, ვიდრე არარაციონალური.

მკვლევრებმა 5 განსხვავებული სტრუქტურის მქონე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ზოგი მათგანი შედარებით რთულ სიტუაციას მოიცავდა, მაგალითად, შიმპანზეებისთვის ისეთი მტკიცებულების წარდგენას, რომელიც პირვანდელი ინფორმაციის დამაჯერებლობას ასუსტებდა. ერთ-ერთ ასეთ სცენარში მეცნიერებმა პრიმატებს ვაშლის ნაცვლად ვაშლის სურათი აჩვენეს.

ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ შიმპანზეებს მეტაკოგნიტიური უნარები აქვთ: მათ შეუძლიათ თავად ფიქრზე იფიქრონ და ზოგჯერ იგი ეჭვქვეშ დააყენონ.

ისიც საინტერესოა, რომ ამ კვლევის გავრცობა ბევრად მეტს გვეტყვის ადამიანების ევოლუციაზეც. სენფორდი ამბობს, რომ ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის სხვაობა კატეგორიულ ნახტომად არ უნდა აღვიქვათ, არამედ კონტინუუმად. ამის უკეთ გასაგებად სენფორდი მსგავს ექსპერიმენტებს 2-4 წლის ბავშვებზეც ჩაატარებს.

ფილოსოფოსები და მეცნიერები საუკუნეებია მსჯელობენ, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ფიქრი. დღეს უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, თუმცა ბევრიც იმას ამბობს, რომ გააჩნია "ფიქრს" როგორ განვმარტავთ. ახალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მინიმუმ 1 სხვა სახეობას მაინც აქვს აზროვნების ერთ-ერთი უმაღლესი ფორმა: მტკიცებულების სარწმუნოობის განსაზღვრა და მსჯელობის ამის შესაბამისად გაგრძელება.

კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.