მეცნიერებმა 6 მილიონი წლის ყინულში უძველესი ჰაერი აღმოაჩინეს
ფოტო: Julia Marks Peterson, COLDEX
მკვლევრებმა ანტარქტიდაზე ყინულის ბირთვი მოიპოვეს, რომელიც 6 მილიონი წლისაა — აქამდე პირდაპირ დათარიღებულთაგან ყველაზე ძველი. მასში იმდროინდელი ჰაერიცაა მომწყვდეული, რაც მაშინდელი კლიმატის შესწავლაში დაგვეხმარება. ორივე მათგანი ასაკით საგრძნობლად აღემატება წინა რეკორდულ ნიმუშს, რომელიც დაახლოებით 2.7 მილიონი წლისაა.
"ყინულის ბირთვები ერთგვარი დროის მანქანებია, რომლებიც მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ, როგორი იყო ადრე ჩვენი პლანეტა. ალან ჰილსის ბირთვები გვეხმარება, იმაზე შორ წარსულში ვიმოგზაუროთ, ვიდრე შესაძლებლად მიგვაჩნდა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ მიერ მიკვლეული ყინულიცა და ჰაერიც მიოცენის პერიოდისაა, რომელიც 23 მილიონი წლის წინ დაიწყო და 5.3 მილიონი წლის წინ დასრულდა. ამ დროს დედამიწა ბევრად თბილი, ზღვის დონე კი შედარებით მაღალი იყო. პლანეტაზე მაშინ ისეთი არსებები ბინადრობდნენ, რომლებიც ახლა უკვე გადაშენებულები არიან, მაგალითად, პირველი მამონტები და ხმალკბილა კატები.
ნიმუში მეცნიერებმა აღმოსავლეთ ანტარქტიდაში მდებარე ალან ჰილსის ე.წ. ცისფერი ყინულის შემცველ არეალში 2019-23 წლების ექსპედიციისას აღმოაჩინეს (ეს რეგიონი ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა). ბირთვის ამოსაღებად მათ ყინული 100-დან 200 მეტრამდე სიღრმეზე გაბურღეს.
მოპოვებული მასალა ჰაერის ბუშტებში არსებული არგონის იზოტოპების რადიოაქტიური დაშლის პერიოდის მიხედვით გამოთვალეს. ჟანგბადის იზოტოპების შესწავლით კი დაასკვნეს, რომ ბოლო 6 მილიონი წლის განმავლობაში ალან ჰილსის რეგიონში დაახლოებით 12°C-ით აცივდა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ათასწლეულში ანტარქტიდასა და მთლიანად დედამიწაზე ტემპერატურა დაეცა, მაგრამ ამჟამად გლობალური დათბობა მიმდინარეობს. ჩვენი სამრეწველო საქმიანობის გავლენით ატმოსფეროში დიდი ოდენობით სათბურის აირები ხვდება, რომლებიც სითბოს დაგროვებას იწვევს. ძველი ყინულისა და ჰაერის შესწავლით შეგვიძლია გავიგოთ, რა დონეს აღწევდა იმ დროს ასეთი მავნე აირები ან როგორი ტემპერატურა იყო ოკეანეებში. ეს ხელს შეგვიწყობს იმის გაგებაში, თუ რა ბუნებრივი პროცესები მონაწილეობს კლიმატის ცვლილებაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

კომენტარები