სიმპტომები და პრევენცია — ყველაფერი, რაც მუნის შესახებ უნდა ვიცოდეთ
ფოტო: Shutterstock
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში იმატა პოსტებმა სხეულის სხვადასხვა არეში გავრცელებული გამონაყარის შესახებ, რომელიც ძლიერ ქავილს იწვევს. ეპიდემიოლოგთა ნაწილი ამის მიზეზად მუნს, იგივე სკაბიესს ასახელებს და ამბობს, რომ მისმა შემთხვევებმა წელს უჩვეულოდ იმატა. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მედიკოსის თქმით პანიკა უსაფუძვლოა და მუნის შემთხვევები წელსაც დაახლოებით ისეთივეა როგორც გასულ წლებში იყო.
"მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია", — აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.
მუნი კანის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინფექციად ითვლება მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებით ყოველწლიურად 200-დან 300 მილიონამდე ადამიანი ინფიცირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში მუნის გავრცელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია საჯარო არ არის.
მუნი ძლიერი ქავილის მომგვრელი კანის დაავადებაა, რომელსაც პატარა ზომის ტკიპა, სახელად Sarcoptes scabiei იწვევს. ეს ადვილად გადამდები ინფექცია კანზე პატარა, მოწითალო ფერის ლაქებს წარმოქმნის და აუტანელ ქავილს იწვევს, რომელიც ღამით ძლიერდება ხოლმე.
მუნის გამომწვევი მდედრი Sarcoptes scabiei კანის ზედაპირულ შრეებში აღწევს, სადაც ხვრელებს წარმოქმნის და კვერცხებს დებს. რამდენიმე დღეში ამ კვერცხებიდან ლარვები იჩეკებიან, კანის ზედაპირზე ამოდიან, იზრდებიან და სხეულის სხვა უბნებზე ვრცელდებიან ან სხვა ადამიანებზე გადადიან. საინტერესოა, რომ ქავილს არა უშუალოდ ტკიპა, არამედ ორგანიზმის ალერგიული რეაქცია იწვევს. ამის გამო მუნის გამონაყარი ხშირად ალერგიულ გამონაყარსაც კი წააგავს.
მუნი უმეტესად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო ფიზიკური კონტაქტით გადადის. სწორედ ამის გამო ინფექცია საბავშვო ბაღებში, ციხეებსა და ოჯახებში მარტივად ვრცელდება. აგრეთვე შესაძლებელია, რომ ტკიპები ინფიცირებულის ტანსაცმლის, თეთრეულისა და საერთო მოხმარების ნივთების გაზიარებითაც გავრცელდნენ. ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია, რომ ინფიცირებულის პირადი ნივთები საფუძვლიანად გასუფთავდეს, ხოლო ყველამ ვისაც ბოლო პერიოდში მასთან ახლო კონტაქტი ჰქონდა დერმატოლოგს მიმართოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცხოველებისგან ადამიანს მუნის ტკიპები ვერ გადაედება, რადგან ცხოველის ტკიპები ადამიანის კანში გამრავლებას ვერ ახერხებენ. ამის მიუხედავად, თუ ადამიანი მუნით ინფიცირებულ ცხოველს შეეხება და ტკიპა მის კანქვეშ მოხვდება, ამან შეიძლება დროებითი ქავილი გამოიწვიოს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. ასე გავრცელებული ინფექცია სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.
მუნის ამოცნობა დამახასიათებელი სიმპტომებითაა შესაძლებელი, რომელთაგან ყველაზე აშკარა ინტენსიური ქავილია. ტკიპას ნაკბენი კანზე წითელ ლაქას ტოვებს, რომელსაც ზოგჯერ ერთ-ერთ ბოლოში პატარა კვანძი ახლავს თან. მოზარდებსა და ზრდასრულებში მუნის ლაქები ხშირად თითებს შორის, მაჯების, იდაყვის შიდა მხარეებისა და სასქესო ორგანოების მიდამოში ჩნდება, თუმცა იგი შესაძლოა სხეულის მრავალ სხვა უბანზეც გავრცელდეს. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში კი ძირითადად თავი, სახე, კისერი, ხელისა და ფეხის გულები ზიანდება.
ზედმეტმა ქავილმა და ნაკაწრებმა შეიძლება კანის დაზიანება და შესაბამისად, მეორადი ბაქტერიული ინფექციის, მაგალითად იმპეტიგოს განვითარება გამოიწვიოს, რაც დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს. არსებობს მუნის უფრო რთული ფორმაც — ფუფხიანი მუნი — რომელიც უფრო მეტად სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში, პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და მძიმე ავადმყოფებში ვითარდება. ამ ფორმით დაინფიცირებულის კანი უხეში და ქერცლიანი ხდება. ამ დროს კანში ასობით ათასი ტკიპა ჩნდება, რის გამოც იგი ძალიან გადამდები და რთულად სამკურნალოა.
როგორც წესი, მუნის დიაგნოსტირებისთვის დაზიანებული უბნების დათვალიერება ან ზოგჯერ კანის ანაფხეკის მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა სრულად საკმარისია. მის სამკურნალოდ საჭიროა ინდივიდუალური კურსის შედგენა, რადგან ანტიჰისტამინური პრეპარატები ან რაიმე ტიპის ლოსიონები მხოლოდ ქავილს ამცირებს, მაგრამ ტკიპებს ვერ ანადგურებს.
მკურნალობის მიზანი ტკიპების განადგურებაა, მაგრამ ალერგიული რეაქციის გამო ქავილი შეიძლება მკურნალობის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტები ტკიპას კვერცხებს ვერ ანადგურებს, ამიტომ თუ სიმპტომები არ გაქრება შეიძლება მკურნალობის კურსის განმეორება გახდეს საჭირო.
წარმატებული მკურნალობის მიუხედავად შემორჩენილი ქავილის შესამცირებლად რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოებისა და პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება.
მუნის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა და ინფიცირებულ პირებთან ახლო ფიზიკური კონტაქტისგან თავის შეკავება, სანამ ისინი მკურნალობის კურსს არ დაასრულებენ. ტკიპები სიცხეს ვერ უძლებენ, ამიტომ უმჯობესია თუ ტანსაცმელს, თეთრეულსა და პირსახოცებს მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე გარეცხავთ და მზეზე გაფენთ. ასევე რეკომენდებულია ხალიჩებისა და ავეჯის საფუძვლიანად გაწმენდა.
ინფექციის თავიდან აცილებისთვის უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა. ქავილისა და გამონაყარის პირველივე ნიშნების გამოვლენისას გაიარეთ დერმატოლოგთან კონსულტაცია, რათა დაავადება ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებზეც არ გავრცელდეს.


კომენტარები