მთვარეს ორი მეტეორიტი შეეჯახა — ნახეთ კადრები
ფოტო: Getty
30 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს მთვარეს ორი მეტეორიტი შეეჯახა, რისი გადაღებაც იაპონელმა ასტრონომმა, დაიჩი ფუჯიმ, შეძლო. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე მცირე ზომის თითოეული ობიექტის დაცემამ წამიერი გაელვება გამოიწვია, რაც ჩვენი პლანეტიდანაც გამოჩნდა.
ეს მოვლენები ტაურიდების მეტეორული წვიმის პიკს ემთხვევა: სამხრეთ ტაურიდების აქტიურობის მაქსიმუმი 5 ნოემბერსაა, ჩრდილოეთისა კი — 9-ში. ამის მიუხედავად, მათთან ბოლო შემთხვევების კავშირი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
პირველი შეჯახება იაპონიის დროით 30 ოქტომბრის 20:30-ზე დაფიქსირდა, კრატერ გასენდის მიმდებარედ; მეორე მეტეორიტი ქარიშხლების ოკეანედ წოდებულ არეალში 1-ელი ნოემბრის 20:49-ზე დაეცა. ასტრონომი ამ დროს მთვარის დისკოს ბნელ რეგიონს აკვირდებოდა.
სპეციალისტის გამოთვლების თანახმად, თავდაპირველი გაელვება 27 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა მეტეორიტმა გამოიწვია, რომელიც ციური სხეულის ზედაპირს 35-გრადუსიანი კუთხით შეეჯახა. მისი სავარაუდო მასა 0.2 კილოგრამი იყო, შედეგად წარმოქმნილი კრატერის ზომა კი — 3 მეტრამდე. კაშკაშა "ანთებამ" სულ რაღაც 0.1 წამს გასტანა, მაგრამ, აღბეჭდილი პიქსელების სატურაციის გათვალისწინებით, შეიძლება უფრო შესამჩნევიც ყოფილიყო.
"მთვარის შეჯახებებზე დაკვირვება დაახლოებით 2011 წელს გავიწყე და ამ საქმეს უწყვეტად 2020 წლიდან მივყვები. ჩემი 20-სანტიმეტრიანი ტელესკოპით, როგორც წესი, რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში ერთ გაელვებას ვაფიქსირებ. ვინაიდან ნამგალა მთვარე მხოლოდ ცოტა ხნით ჩანს და ხშირად ცაზე დაბლაა, სადაც თხელი ღრუბლების სიხშირეა. წელიწადში მხოლოდ ათობით გაელვების მომსწრე ვხდები", — აცხადებს დაიჩი ფუჯი.
ცნობისთვის, დედამიწისგან განსხვავებით, მთვარეს სქელი ატმოსფერო არ აქვს, რომელიც მეტეორებს ააორთქლებს. კოსმოსიდან მისი ზედაპირისკენ სწრაფად მოძრავ ობიექტებს ვერაფერი ეწინააღმდეგება, ამიტომ ისინი პირდაპირ მთვარეზე ცვივა, რა დროსაც სინათლესა და სიმხურვალეს წარმოქმნის. ასეთი მოვლენების შედეგად კრატერებიც ჩნდება, რომელთა სიგანეც რამდენიმე მეტრია.
ასე მოხდა უკანასკნელ შემთხვევებშიც.
კომენტარები