შეიმუშავეს გელი, რომელსაც კბილის მინანქრის აღდგენა შეუძლია
ფოტო: University of Nottingham
მეცნიერები აღფრთოვანებულები არიან ახალი გელით, რომელიც კბილის მინანქრის აღდგენასა და რეგენერაციაში დაგვეხმარება. მათი თქმით, ამით მკურნალობის ახალი მეთოდი გაჩნდება.
გელზე ნოტინგემის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან ერთად მუშაობდნენ. მათ ამით კბილის მინანქრის გაძლიერება და კარიესის პრევენცია სურთ.
"ცილაზე დაფუძნებული ეს ნივთიერება ახალშობილებში მინანქრის ჩამოყალიბების პროცესებს იმეორებს", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერების კვლევის სრული შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიხედვით, დაახლოებით 3.7 მილიარდი ადამიანი იტანჯება პირის ღრუს დაავადებებით, სადაც მინანქრის დეგრადაცია ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გვევლინება.
პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მინანქრის კლების შედეგად, მოიცავს ინფექციებს და კბილების ცვენას. ეს პრობლემები კი შეიძლება დაკავშირდეს ისეთ შედეგებთან, როგორებიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებულ მკურნალობის მეთოდებს შეუძლია შეამსუბუქოს სიმპტომები, მინანქარი ბუნებრივად ვერ აღდგება.
კვლევის ხელმძღვანელმა, ბიომედიცინის ინჟინერიისა და ბიომასალების კათედრის პროფესორმა ალვარო მატამ თქვა, რომ ახალი ნივთიერება მარტივად და სწრაფად მუშაობს.
"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რადგან ეს ტექნოლოგია შექმნილია ექიმისა და პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. გვიხარია, რომ მომავალ წელს პირველ პროდუქტს გავუშვებთ, და ეს ინოვაცია მალე მსოფლიოს მასშტაბით უამრავ პაციენტს დაეხმარება", — თქვა მან.
პოლ ჰეტონმა, შეფილდის კლინიკური სტომატოლოგიის სკოლის ბიომასალების მეცნიერების პროფესორმა და ბრიტანეთის სტომატოლოგიური ასოციაციის ჯანმრთელობისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ კბილის ბუნებრივი მინანქრის ხელახლა შექმნა სტომატოლოგიაში წმინდა გრაალია.
კომენტარები