ალბანეთისა და საბერძნეთის მიჯნაზე მდებარე ბნელ გამოქვაბულში მეცნიერებმა კოლოსალური ზომის აბლაბუდა და მასში მცხოვრები 111 000 ობობა აღმოაჩინეს. ფეხსახსრიანთა კოლონიის ქსელები 106 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გადაჭიმული და დაბალი ვიწრო გვირაბის კედელს მიუყვება.

აბლაბუდა ათასობით ობობას მიერაა "მოქსოვილი", რაც ორი გავრცელებული სახეობის კოლონიური ქცევის პირველი დასტურია. მკვლევრების განცხადებით, ეს, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი აბლაბუდაა, რომელიც აქამდე მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულა.

მას ე.წ. გოგირდის გამოქვაბულში მიაგნეს, რომლის წარმოქმნაც გოგირდმჟავასა და მიწისქვეშა წყლის ურთიერთქმედებას უკავშირდება. აბლაბუდას პირველად ჩეხეთის სპელეოლოგიური საზოგადოების 2022 წლის ექსპედიციის მონაწილეები გადააწყდნენ. ქსელების ნიმუშების აღების შემდეგ ახალი ნაშრომის ავტორების ვიზიტი მოგვიანებით, 2024 წელს, შედგა.

ფოტო: Urak et al. 2025, Subterranean Biology

ანალიზმა ცხადყო, რომ საქმე ორ სახეობასთან ჰქონდათ, ესენია: Tegenaria domestica (სახლის ობობა) და Prinerigone vagans. ივარაუდეს, რომ გამოქვაბულში პირველთა რაოდენობა 69 000-მდე, მეორისა კი 42 000-ზე მეტი უნდა იყოს. კოლონიაში ამ სახეობათა დომინირების ავთენტურობა დნმ-ის შესწავლამაც დაადასტურა.

გოგირდის გამოქვაბულში ნაპოვნი კოლონია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ. თავად ამ ორი ობობას კოოპერაციული თანაცხოვრების შესახებ კი აქამდე არაფერი ვიცოდით. ისინი ადამიანთა საცხოვრებელთან ახლოს ხშირად გვხვდებიან, მაგრამ ერთ აბლაბუდაში თანაარსებობა იშვიათი ფენომენია.

ფოტო: Urak et al. 2025, Subterranean Biology

ჩვეულებრივ პირობებში მოსალოდნელია, რომ T. domestica თავს დაესხას P. vagans-ს, მაგრამ გამოქვაბულის სიბნელე შეიძლება მათში მხედველობის პრობლემას იწვევდეს. ამის გამო ისინი სულ სხვა მწერებით, ხრიალებით, იკვებებიან, ეს უკანასკნელი კი გოგირდის ჟანგვით რეაქციებში მონაწილე მიკრობების დამცავ ლორწოვან გარსს ჭამს. ობობებს, მწერებსა და მიკროორგანიზმებს გადარჩენაში გოგირდწყალბადი ეხმარება, რომელიც გამოქვაბულში ბუნებრივი წყაროებიდან ხვდება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გოგირდით მდიდარი რაციონი ობობების ორგანიზმში არსებულ მიკრობიომზეც მოქმედებს და მას ნაკლებად მრავალფეროვანს ხდის. ასევე, ისინი იმავე სახეობის სხვაგან მცხოვრები წარმომადგენლებისგან გენეტიკურადაც განსხვავდებიან. ეს მიანიშნებს, რომ მათ უჩვეულო გარემოსთან ადაპტაცია განიცადეს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Subterranean Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.