როგორ ვიპოვოთ დინოზავრთა ნამარხები? — შეიძლება ამაში ნარინჯისფერი ორგანიზმები დაგვეხმარონ
ფოტო: Prof Phil Currie, University of Alberta
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დინოზავრთა მოშიშვლებულ ნამარხებზე ლიქენებად წოდებული ორგანიზმების ორი სახეობა იზრდება: Rusavskia elegans და Xanthomendoza trachyphylla. ისინი კაშკაშა ნარინჯისფერი შეფერილობით გამოირჩევიან, რაც პრეისტორიული ცხოველების ძვლების მიგნებას ამარტივებს.
ლიქენები წყალმცენარეების ან ციანობაქტერიების ჰიბრიდულ კოლონიებს ეწოდება, რომლებიც სოკოებთან თანაარსებობს. ისინი ბევრ ადგილას გვხვდება: ქვებზე, ადამიანის ჩონჩხებსა და, როგორც გაირკვა, დინოზავრთა ნამარხებზეც. ამის შესახებ მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში საუბრობდნენ.
"მაშინ, როცა დიდი ოდენობით მოშიშვლებული ნამარხების შემცველ ქანებს ვაწყდებით, ხშირად პირველად ლიქენების ნარინჯისფერ საფარს ვამჩნევთ და არა თავად ძვლებს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ ეს ფენომენი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის წოდების მქონე დინოზავრების პროვინციულ პარკში შეისწავლეს. მათ იქ დრონები გაუშვეს, რათა ლიქენებით დაფარული ნამარხები დაეფიქსირებინათ. დადგინდა, რომ ამ ხერხით პრეისტორიული ძვლების აღმოჩენა ზემოდან გადაღებული 2.5 პიქსელი გარჩევადობის სურათებითაც შეიძლება.
მართალია, ლიქენების კოლონიები ისედაც მკაფიო შეფერილობისაა, მაგრამ სპეციალური სენსორები მათ შემჩნევას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს. ამ ტექნოლოგიამ ორგანიზმების განსხვავებული სპექტრული მახასიათებლები გამოავლინა — ლურჯი ტალღური სიგრძის სინათლის ნაკლები და ინფრაწითლის მეტი არეკვლადობა; დაკვირვებამ ცხადყო, რომ ლიქენები მოშიშვლებული ნამარხების 50%-ზე იყო გაზრდილი, გარშემო არსებულ ქვებზე კი მხოლოდ 1% ეკავა.
გამოდის, რომ დრონებისა და ლიქენების გამოყენებით ნამარხების აღმოჩენა ისეთ ადგილებშია შესაძლებელი, რომლებიც ფეხით ძნელად მისადგომია. ეს მიგნება შეიძლება სამომავლო კვლევებისთვის მნიშვნელოვანი იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

კომენტარები