თბილისი ვერლიბრმა მოიცვა — პროტესტი ბესიკ ხარანაულის პოეზიაში
თანამედროვე ქართველი პოეტი, ნანა აკობიძე თავის კრებულში ვალაუვალი, რომელიც წელს ლიტერატურული პრემია ლიტერას გამარჯვებული გახდა, ბესიკ ხარანაულის შესახებ წერს:
"ეს ბესიკი, ხარანაული, რაღაცით ჩიტს ჰგავს: შემოჯდება შენს ღობეზე და თან არის, თან - არ არის"
11 ნოემბერს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა, პოეტის, რომელიც როგორც თავად წერს, მხოლოდ ერთი ცრემლით მეტია ჩვენზე, რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველთვის გვესმის მისი ხმა.
არილში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბესიკ ხარანაული თავის სამუშაო პროცესზე საუბრობს და ამბობს:
"24 საათი ვწერ. თუ კალამს არ ვაწრიპინებ, ვიმახსოვრებ. ეს მუდმივად ხდება. იკითხავენ, რომელი დროა კარგი? დილაც კარგია საწერად, შუადღეც და ღამეც… მოდი და გამეცი პასუხი… მე გეტყვით: დღის სხვადასხვა მონაკვეთში აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანი ვწერ."
ბესიკ ხარანაულის ლექსები ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, ქართული საზოგადოებისთვის აპათიის დაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ბერკეტი გახდა.
გაზაფხულიდან მოყოლებული თბილისსა თუ რეგიონებში პროტესტის ტალღა არ ჩამცხრალა, პროტესტის, რომელსაც ზურგს სიმართლე, გამბედაობა და სამშობლოს სიყვარული უმაგრებდა, თუ არა აქ, სხვაგან სად უნდა გაჟღერებულიყო ბესიკ ხარანაულის სტრიქონები.
თბილისი ვერლიბრმა მოიცვა...
მაშინ, როდესაც ყოველდღიურად გვედავებიან ქვეყანას, პირადი ინტერესების გამო ხელიდან გვაცლიან საკუთარ მომავალს, ბესიკ ხარანაულის ლექსებმა სიფხიზლე შეგვინარჩუნა, დავდიოდით თბილისის ქუჩებში და სიამაყით ვიმეორებდით:
სრულიად ერმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო პოეტების ქვეყანაა.
პოეზია თავისი შესაძლებლობებით, გამომსახველობითი ენითა და რიტმით დიდი ხანია, რაც პროტესტის მძლავრი მექანიზმია. დიაქრონიულ ჩარჩოებს თუ გავყვებით, ცხადად დავინახავთ, რომ პოეტები წინააღმდეგობის მთავარ იარაღად სწორედ საკუთარ შემოქმედებას იყენებენ, უპირისპირდებიან მჩაგვრელობით გარემოს, სტატუს-კვოს და ხშირად ტროპის მანტიას ახვევენ იმ მარგინალიზებულ თემებს, რომლებსაც ყველა გავურბით. ბესიკ ხარანაულის პოეზია, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვკითხულობთ, საქართველოში სოციალური და პოლიტიკური ბრძოლების სირთულეს ასახავს.
პოეზიაში პროტესტის ენა და ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ლექსს შეუძლია ჯერ კიდევ აბსტრაქტული პოლიტიკური ან სოციალური საკითხები მყისიერად ხელშესახები გახადოს.
ხარანაულის ლექსების სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი ხშირად აყალიბებს პროტესტის ენას. ამ ლექსებმა კოლექტიური იმედგაცრუების იმედად გარდაქმნა განაპირობა, რამაც მივიწყებული თანაგრძნობის, თანალმობისა და მიმტევებლობის განცდა ერთი-ორად გაზარდა საზოგადოებაში.
გალაკტიონ ტაბიძემ 1931 წელს დაწერილ ლექსში ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ პოეტებისთვის ერთგვარი იმპერატივი ჩამოაყალიბა.
როდესაც ვამბობთ, რომ ბესიკ ხარანაული თანამედროვე პოეტია, სულაც არ ვგულისხმობთ იმას, რომ ის დღეს და ახლა წერს. უპირველესად, ამაში უნდა მოიაზრებოდეს ის, რომ ბესიკ ხარანაულმა შეძლო და სწორხაზოვნად გაჰყვა გალაკტიონის მიერ ჩამოყალიბებულ იმპერატივს, მან "დრო აღნიშნა".
ქართულ პოეზიაში პროტესტის ენა ყოველთვის არსებობდა, ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით, ენაში ბუნებრივად გაჩნდა პროტესტისა და წინააღმდეგობის ამსახველი სიტყვათა შეთანხმებები, ვინაიდან, ქართული ენა ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, სადაც ნათლად აისახა გადატანილი ომების, ოკუპაციის, კულტურული ასიმილაციის შედეგები. შესაბამისად, დღეს ქართულ პოეზიაში და ბესიკ ხარანაულის პოეტურ ენაში ხშირად ვხედავთ ფოლკლორიდან, ისტორიიდან, რელიგიიდან აღებულ სიმბოლურ ელემენტებს, რომლებიც სტრიქონებს შორის გარკვეულ ფენებს ქმნის და როგორც პიროვნულ, ისე კოლექტიურ დონეზე რეზონირდება.
ბესიკ ხარანაულის პოეტური ენა ხისტია, ხშირად ირონიული და სარკასტულიც, ის, რომ საქართველოს წარსული პოეზიაში ხშირად დღესაც იდეალიზებული და რომანტიზებულია, ხარანაული ამას სრულიად ეწინააღმდეგება. ბესიკ ხარანაულის ლექსებში საქართველო ხშირად დაჭრილი, გატეხილი არსების მეტაფორული სახეა, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის საკუთარი იდენტობის, საკუთარი თავის აღსადგენად.
"საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.
ჯერ მახე არ დაგებულა,
რომე თავი არ გაგეყოს,
ჯერ მხედარი არ გყოლია,
რომე ძირს არ დაგებერტყოს,
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს"
უფრო მეტიც, ხარანაულის პოეზია ხშირად იძენს პროვოკაციულ ელფერს, იყენებს მკვეთრ, ზოგჯერ შოკისმომგვრელ გამოსახულებებს ქართული საზოგადოების თვითკმაყოფილებისა და პასიურობის გასაკრიტიკებლად.
"გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ქოსატყუილები რომ გყავს
ბრძენკაცებად დამსხდარი,
ეშმაკებით რომ გაქვს სავსე
ცარიელი ტაძარი..."
პოეზიაში პროტესტის ნარატივის გაჩენა გადამწყვეტ როლს თამაშობს კოლექტიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში, მოუწოდებს ინდივიდებსა და საზოგადოებას, დაფიქრდნენ იმ რეალობაზე, რომელიც მათ გარშემოა და რომელში ცხოვრებაც აქ და ახლა უწევთ, ეჭვქვეშ დააყენონ ავტორიტეტები და შესაბამისად იმოქმედონ საკუთარი უფლებებისა და ქვეყნის დასაცავად.
ქვეყანაში, სადაც ამდენად მძლავრია სახელისუფლებო პროპაგანდა, პოეზია ხდება სივრცე, სადაც ალტერნატიული პერსპექტივების მოსმენა და რეალობის დანახვა შეიძლება.
უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბესიკ ხარანაულმა თავისი ლექსებით საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა იმედგაცრუების, ბრაზის დიდი ტალღა გადაეგორებინა და ემოქმედა, მიუხედავად ამისა, მოქალაქეებსა და მკითხველებს არც ხარანაულის პესიმისტური ლექსები დაგვივიწყებია.
"სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია"
ეს სტრიქონებიც კი ძალისმომნიჭებელი გახდა ქართველი ხალხისთვის და საპროტესტო აქციებზე პოეტს პასუხიც კი დავუბრუნეთ, არაერთ ბანერს დავინახავდით წარწერთ:
"აქ არიან შვილები, შვილები აქ არიან!"
ალბათ ეს არის პოეზიის უშრეტი ძალაცა და ენერგიაც.
ბესიკ ხარანაული თავისუფალ ლექსს, ვერლიბრს წერს და სწორედ ამ თავისუფლების შეგრძნება დაგვიბრუნა ყველას, აკი ამბობს მაია ჯალიაშვილთან ინტერვიუში:
"თავისუფლება არის ყველაზე უპირველესი, რაც ადამიანს შეიძლება ან წაართვა ან მიანიჭო. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა, რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან. თავისუფლება არაფერს არ კეტავს, არაფერს არ იწყებს, არაფერს არ ამთავრებს. თავისუფლებაა ისიც, ადამიანი რომ იბადება, თავისუფლებაა, რომ კვდება".
კომენტარები