დონალდ ტრამპი აშშ-ის ახალი პრეზიდენტია და ბევრს აინტერესებს თუ როგორი იქნება მისი ხედვები ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებთან დაკავშირებით.

ტრამპს პირობა აქვს დადებული, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ რეგულაციებს გააუქმებს. ის ბაიდენის მიერ შემოღებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ბაიდენის რეგულაციებიც მსუბუქი იყო. შესაბამისად, თუ ტრამპი თავის პირობას შეასრულებს, ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები კიდევ უფრო შემსუბუქდება.

"ჩვენ გავაუქმებთ ჯო ბაიდენის მავნებლურ რეგულაციებს, რომლებიც აფერხებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და შესაბამის ინოვაციებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია სიტყვის თავისუფლებაზე", — განაცხადა ტრამპმა თავის საპრეზიდენტო კამპანიისას.

ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაბამისი რეგულაციები 2023 წლის ოქტომბერში მიიღო, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ტრამპი მას გააუქმებს.

Wired-ის მიხედვით, საუბარია ორ მიმართულებაზე:

პირველი ეხება იმას, თუ როგორ ამოწმებენ ტექ კომპანიები AI სისტემებს და ატარებენ რისკების შეფასებას. ესაა პრაქტიკა, რომელიც ცნობილია, როგორც "წითელი გუნდი". ბაიდენის დებულების თანახმად, კომპანიებს, რომლებიც ავითარებენ AI-ის დიდ მოდელებს, მოეთხოვებათ გაუზიარონ ყველა "წითელი გუნდის" შედეგი ფედერალურ მთავრობას. უნდა მოხდეს შეფასება იმისაც თუ რამდენად დაუცველია AI-სისტემები ჰაკერების თავდასხმებისგან. ამ რეგულაციების კრიტიკოსების თქმით, ეს ყველაფერი ზედმეტად ანელებს პროცესებს, შესაბამისად ფერხდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაც. მეტიც, ეს კომპანიებს თავიანთი ფარული ინფორმაციის გაზიარებას აიძულებს.

მეორე მხრივ, რეგულაციების მიხედვით, სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა უნდა შექმნას ინსტრუქციები, რათა ხელოვნური ინტელექტის მოდელები გარკვეული ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული არ იყოს. ტრამპი და მისი მხარდამჭერები ამას "რადიკალური მემარცხენე იდეების" გატარებას უწოდებენ.

ამ ყველაფერს ილონ მასკამდეც მივყავართ. ის ხელოვნური ინტელექტის დიდ მოდელებს, როგორიცაა ChatGPT, ხშირად აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს სისტემები "Woke" კულტურის ტყვეობაშია. მეტიც, მასკმა საკუთარი სტარტაპიც დააფუძნა, რათა შექმნას "თავისუფალი სიტყვის მიმდევარი" ჩატბოტი. მასკი კიდევ უფრო შორს წავიდა და OpenAI-ის სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, კომპანიამ თავისი პირველადი გეგმიდან გადაუხვია.

სწორედ ამით შეიძლება აიხსნას მასკის ტრამპის კამპანიაში აქტიურად ჩართულობა. როგორც ტრამპის კამპანიის უმნიშვნელოვანესი დონორი, მასკი ბევრს მოიგებს ტრამპის შემსუბუქებული რეგულაციებიდან. ეს მის AI სისტემებს კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების საშუალებას მისცემს. და მართლაც, მასკს ამ მხრივ აღმოსაფხვრელი ბევრი აქვს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასკი მთავარ მოთამაშეებს ჩამორჩება და ბუნებრივია, მას უპირატესობის მოპოვება ამ მხრივაც სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი მასკის მიერ ტვიტერის შეძენასაც ამით ხსნის. მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ამით დიდ მონაცემებზე წვდომა მიეცა.

ერთი სიტყვით, სავარაუდოა, რომ ტრამპი ტექ ინდუსტრიის შემდგომ დერეგულაციას მიემხრობა, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის მხრივ. მასკი აქაც დაინტერესებულია და ცნობილია, რომ ის ამ მიმართულებაში დიდ პოტენციალს ხედავს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი განსაკუთრებით დიდი ტექ მონოპოლიებისთვის, ჯერ უცნობია. მაგალითად, ფედერალური სავაჭრო კომისიის რამდენიმე ყველაზე დიდი ანტიმონოპოლიური სარჩელი Google-ისა და Amazon-ის მსგავსი კომპანიების წინააღმდეგ დაიწყო ტრამპის მმართველობის პირველი ვადის დროს და გაგრძელდა ბაიდენის პერიოდშიც.

არც ის ვიცით, თუ ზუსტად რით ჩაანაცვლებს ტრამპი ბაიდენის რეგულაციებს. ერთი რისი თქმაც დაბეჯითებით შეგვიძლია, ტრამპი შესაბამისი რეგულაციების მიმართ უფრო მკაცრი იქნება. ტრამპი ხშირად ამბობს, რომ რეალური კონკურენცია დღეს აშშ-სა და ჩინეთს შორისაა, ხოლო ეს კონკურენცია მნიშვნელოვნად სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე გადის.

ნიშნავს ეს იმას, რომ ამით ტექნოლოგიურ სინგულარობას უფრო მივუახლოვდებით, სადაც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს? რა თქმა უნდა, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.