NASA-ს ზონდი ჯუნო იუპიტერის ორბიტაზე 2016 წლიდან გადაადგილდება და დროდადრო მზის სისტემის ამ გიგანტური პლანეტისა თუ მისი ბუნებრივი თანამგზავრების გასაოცარ სურათებს გვიგზავნის.

23 ოქტომბერს ამ კოსმოსურმა აპარატმა აირისგან შედგენილ უზარმაზარ ციურ სხეულს ახლო მანძილზე ჩაუარა, რა დროსაც მისი შტორმიანი და ტურბულენტური ატმოსფერო გადაიღო. მან ეს მაშინ შეძლო, როცა საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას იმ წერტილამდე მიაღწია, საიდანაც პლანეტამდე ყველაზე მცირე დისტანციაა.

შესაბამისად, ამ მანძილიდან იუპიტერი მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდა. ჯუნოს მიერ აღბეჭდილ გამოსახულებებზე ციური სხეულის ატმოსფეროში არსებულ სარტყლებს, ღრუბლებსა და შტორმებს ვხედავთ, რომლებიც შთამბეჭდავ ჩახლართულ და ფერადოვან სტრუქტურებს მქნის.

ფოტო: NASA/JPL/SwRI/MSSS/Gerald Eichstädt/Thomas Thomopoulos

ჯუნოს კამერა JunoCam-ის მიერ მოპოვებული მონაცემები ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ეს ნიშნავს, რომ მათი გადმოწერა და დამუშავება ყველას შეუძლია. კონტრიბუტორები კი უკვე მზა ფოტოებს ბაზაშიც ტვირთავენ. სწორედ ასეთი გამოსახულებებია ზემოთ ნაჩვენები.

მისიაზე მომუშავე გუნდი ამბობს, რომ მომხმარებლები ფოტოებს სხვადასხვაგვარად ამუშავებენ. მაგალითად, რომელიმე ატმოსფერულ სტრუქტურას მკაფიოობას მატებენ, ფერებს უფრო ამკვეთრებენ ან სურათის ზომას ცვლიან.

რაც შეეხება ჯუნოს, ის მომდევნო ჯერზე პლანეტას ახლოს 25 ნოემბერს ჩაუვლის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.