დაფიქრებულხართ, რა ზომამდე შეიძლება გაიზარდოს ადამიანის ტვინი?

დეკადების განმავლობაში სამედიცინო ლიტერატურაში ამ ორგანოს შესახებ დიდძალი ინფორმაცია დაგროვდა, ამიტომ ვიცით, როგორია ტვინის საშუალო წონა. ამის მიუხედავად, მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა უცნობი ადამიანი, რომელსაც აქამდე აღწერილთა შორის ყველაზე მძიმე ტვინი ჰქონდა.

მისი შემთხვევა გვარწმუნებს, რომ დიდი ტვინი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს, რადგან ამ ადამიანის ინტელექტუალური უნარები, პირიქით, შეზღუდული იყო. საბოლოოდ კი მან სიცოცხლე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულა. სწორედ ისაა გინესის რეკორდსმენი — უსახელო ნიდერლანდელი კაცი ყველაზე მძიმე ტვინით.

იგი ეპილეფსიით ეტანჯებოდა და განვითარების დარღვევები ჰქონდა. ამ პრობლემებმა ის საკმაოდ ახალგაზრდა შეიწირა, 21 წლის ასაკში. 1899 წელს პათოლოგიის სპეციალისტმა, ჯერარდ კრისტიან ვან ვალსემმა, ცხედარს ავტოფსია ჩაუტარა და აღმოაჩინა რომ მისი ტვინი 2.85 კილოგრამს იწონიდა. შედარებისთვის, ადამიანის ტვინის საშუალო წონად 1.35 კილოგრამი მიიჩნევა.

2021 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანის ტვინი ბოლო ათასწლეულების განმავლობაში უფრო და უფრო პატარავდება. ამის შესაძლო მიზეზად მეცნიერები ასახელებენ, რომ ადამიანს დაგროვებული ცოდნის მთლიანად დამახსოვრება აღარ უწევს, რადგან დამწერლობა და ინფორმაციის შენახვის სხვა ფორმები მოგვეპოვება.

ასევე, ამას კავშირი უნდა ჰქონდეს რთულ სოციალურ სტრუქტურასთან, რომელმაც დიდი ტვინის საჭიროება მოხსნა, ვინაიდან ცოდნა და გადაწყვეტილებების მიღება კოლექტიურად ნაწილდება. რა თქმა უნდა, პატარა ტვინი არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ჭკვიანები ვართ, რაც ბრიტანეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამაც დაადასტურა.

კოგნიტიურ შესაძლებლობებს უფრო მეტად ტვინის სტრუქტურა განსაზღვრავს და არა ზომა. ამიტომაა ქალისა და კაცის ინტელექტუალური უნარები ერთნაირი მაშინ, როცა კაცის ტვინი ქალისაზე დაახლოებით 11%-ით დიდია. ისე კი გლობალურად ყველაზე დიდი ტვინი აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობას აქვს, რომელთა შემთხვევაშიც ამ ორგანოს საშუალო მოცულობა 1 415 კუბური სანტიმეტრია. ევროპაში ეს მაჩვენებელი 1 362 კუბური სანტიმეტრია, ხოლო აფრიკაში — 1 268.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.