ახალი კვლევა საინტერესო შესაძლებლობაზე უთითებს: ურანის მთვარე მირანდა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის კიდეშია, შეიძლება ოკეანეებით სავსე იყოს. ეს ზრდის იმის შანსებს, რომ თანამგზავრზე სიცოცხლეა.

თანამგზავრზე წყლის აღმოჩენა ადვილი საქმე არ არის. კიდევ უფრო რთულია, როცა ის ასობით მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.

ტომ ნორდჰეიმი, ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის (JHAPL) პლანეტარული მეცნიერი, არის ადამიანი, რომელმაც ამ ყინულოვან თანამგზავრში "ჩაგვახედა".

"მირანდას მსგავსი პატარა ობიექტის შიგნით ოკეანის მტკიცებულების მოძიება წარმოუდგენლად რთულია", — თქვა ნორდჰეიმმა, რომელიც კვლევის თანაავტორია.

1986 წელს, Voyger 2-მა მირანდას ახლოს ჩაუარა და მისი პირველი ახლო ხედის სურათები გადაიღო. მირანდას ზედაპირმა მკვლევრებში ინტერესი მალევე გააჩინა. მისი ზედაპირი არ არის გლუვი და ის მრავალფეროვანია.

ურანს მინიმუმ 27 მთვარე აქვს, რომელთაგან ბევრს შექსპირის პერსონაჟების სახელები უწოდეს, მათ შორისაა მირანდაც.

კალებ სტრომი, ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტი და ალექს პატჰოფი, არიზონას პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტიდან, ნორდჰეიმს ურანის მთვარის შესწავლაში შეუერთდნენ. მათ Voyger 2-ის ძველი სურათების გასაანალიზებლად კომპიუტერული მოდელირებები გამოიყენეს.

Voyger 2-ის მიერ გადაღებული ფოტო — მირანდა

Voyger 2-ის მიერ გადაღებული ფოტო — მირანდა

ფოტო: NASA

ახალი კვლევის თანახმად, დაახლოებით 100-იდან 500 მილიონი წლის წინ, მირანდას მიწისქვეშა ოკეანე, სულ მცირე 99 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ეს გაყინული ქერქის ქვეშ, რომლის სისქეც 30 კილომეტრია.

"ეს შედეგი გასაოცარია. არ გვეგონა, რომ ასეთი პატარა მთვარე, შეიძლება ამხელა ოკეანეს შეიცავდეს", — თქვა სტრომმა.

კიდევ უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ეს ოკეანე შეიძლება საკმარისად თბილი ყოფილიყო, რათა თხევადი ფორმა ჰქონოდა.

რაც მთავარია, მკვლევრების თქმით, დიდი ალბათობით მირანდას ჯერ კიდევ აქვს მიწისქვეშა ოკეანე, თუმცა უფრო თხელი, ვიდრე ადრე.

ეს ყველაფერი აჩენს იმედს, რომ მირანდაზე სიცოცხლეა. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ამის დასადასტურებლად შემდგომი კვლევებია საჭირო.

"მირანდას პოტენციალის სრულად აღსაქმელად, ჩვენ უნდა გავუშვათ ახალი მისიები ურანისკენ", — აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.