საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ასტრონავტების მისიები ნახევარ წელს ან უფრო მეტხანს გრძელდება ხოლმე. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ამ დროს მათ ქვეყნებში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება, რომელში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების უფლება კოსმოსში მყოფ ადამიანებსაც აქვთ.

ხმის მიცემა კოსმოსიდან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რასაც კოსმონავტები 1971 წლიდან მოყოლებულია, აკეთებენ. ზოგჯერ ამისთვის ბიულეტენი საჭირო არაა. მაგალითად, 2017 წელს ფრანგმა ასტრონავტმა, ტომას პესკემ საკუთარი არჩევანი დედამიწაზე მყოფი კოლეგის მეშვეობით დააფიქსირა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვაგვარი პრაქტიკაა გავრცელებული. ისინი ხმას თავად აძლევენ. პირველ რიგში, მათ სპეციალური განაცხადის შევსება უწევთ, რომლითაც ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ხმა საარჩევნო უბნის გარეთ უნდა მისცენ. ასე ისინი სათანადო ბიულეტენს ითხოვენ, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ელექტრონულად ავსებენ.

ბიულეტენები დაშიფრულია და დედამიწის ორბიტაზე მოძრავი სადგურის კომპიუტერში იტვირთება. შემდეგ ისინი NASA-ს მონიტორინგისა და მონაცემების გადაცემის სატელიტურ სისტემას ეგზავნება, რომელიც ამ ინფორმაციას დედამიწაზე მდებარე უაიტ სენდსის საცდელი ბაზის ანტენისკენ უშვებს.

იქიდან მონაცემები უკვე ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრს ეგზავნება და ბიულეტენები კონკრეტულ ოლქებში ელექტრონულად ნაწილდება. მართალია, ეს რთული სისტემაა, მაგრამ ბიულეტენების კოსმოსში გაგზავნა/ჩამოტანაზე ბევრად პრაქტიკული და ბიუჯეტურია, რადგან სხვაგვარად ამისთვის ცალკე მისიების განხორციელება იქნებოდა საჭირო.

ყველაფერი ასტრონავტ ჯონ ბლაჰადან დაიწყო, რომელსაც 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა. NASA-ს მისი სურვილის დასაკმაყოფილებლად გეგმა ჰქონდა, მაგრამ ტეხასის შტატის სახელმწიფო მდივანმა გეგმის განხორციელების უფლება არ მისცა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაშინ ხმის ელექტრონულად მიცემის უზრუნველსაყოფად ჯერ მზად არ იყვნენ.

ეს კანონპროექტი 1997 წელს მიიღეს და დევიდ ვულფი პირველი ამერიკელი ასტრონავტი გახდა, რომელმაც არჩევნებში ხმა კოსმოსიდან ელექტრონულად მისცა. მას შემდეგ ეს სისტემა დაინერგა და ასტრონავტმა კეტლინ რუბინსმა საკუთარი არჩევანი ასე უკვე ორჯერ დააფიქსირა, 2016 და 2020 წლებში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.