კოსმოსში ნახშირბადის შემცველი რთული მოლეკულა აღმოაჩინეს — რატომაა მნიშვნელოვანი
ასტრონომებმა ვარსკვლავთაშორის სივრცეში ნახშირბადის შემცველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლეკულა აღმოაჩინეს. ის ჩვენგან 430 სინათლის წლის მოშორებით მდებარე კუროს მოლეკულურ ღრუბელში დააფიქსირეს.
ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლე სწორედ ნახშირბადზეა დაფუძნებული, ანუ მისი ერთგვარი საშენი მასალაა. შესაბამისად, ასტროქიმიკოსების მთავარი კითხვაა, რა არის ამ ელემენტის კოსმოსური წყარო? ამის გაგებაში შესაძლოა, სწორედ ზემოხსენებული მოლეკულა დაგვეხმაროს. მას პირენი ეწოდება, ნახშირბადის 4 სიბრტყულ რგოლს შეიცავს და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების კატეგორიას მიეკუთვნება.
ამ ტიპის რთული მოლეკულები კოსმოსში ყველაზე გავრცელებულია. მათ პირველად 1960-იან წლებში მეტეორიტებში მიაკვლიეს, რომელთაც ნახშირბადული ქონდრიტების სახელით ვიცნობთ. ისინი ნარჩენებია მზის სისტემის წარმომქმნელი ნისლეულისა, რომელიც პლანეტური სისტემების ბაზისურ ქიმიურ შედგენილობას განსაზღვრავს.
მეცნიერებისთვის საინტერესოა, რა რაოდენობის კომპონენტებს იღებს სისტემები მსგავსი ღრუბლებიდან და რა ფორმით?
ეს მოლეკულები ულტრაიისფერ გამოსხივებას უძლებს, ამიტომ ღრმა კოსმოსის მკაცრ პირობებში მაინც აგრძელებს არსებობას. კუროს მოლეკულურ ღრუბელში პირენეს ძიება სპეციალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისი ჭარბი კონცენტრაცია დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდ რიუგუს ნიმუშებში აღმოაჩინეს. ის მზის სისტემის პირვანდელი მატერიის ნარჩენია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი მოლეკულები ღრუბლებიდან ყინულში, მტვერსა და მყარ სხეულებში გადადის, რომლებიც პლანეტური სისტემების ნაწილია.
მოლეკულა ასტრონომებმა რადიოტელესკოპის მეშვეობით დააფიქსირეს, რომელიც უნიკალური ქიმიური შედგენილობის გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს რიგით მეშვიდე ინდივიდუალური პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადია, რომელსაც 2021 წლიდან დღემდე კოსმოსში მიაკვლიეს, ამჯერად მოულოდნელად ცივ რეგიონში. მათი შესწავლით შესაძლებლობა გვეძლევა, რომ დედამიწაზე არსებული სიცოცხლის საწყისებზე მეტი გავიგოთ, ამიტომ ყოველი ასეთი მიგნება მნიშვნელოვანია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები