"ომი მშვიდობაა" — 5 წიგნი, რომლებიც წინასაარჩევნოდ უნდა გადაიკითხო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ეს არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანი არჩევნებია.
ამ აზრს ყველა იზიარებს, ამჟამინდელი სახელისუფლებო წრის წარმომადგენლებიც და ოპოზიციაც, თუმცა მასში ნამდვილად განსხვავებულ აზრს დებენ. წინასაარჩევნოდ არაერთი შემაშფოთებელი რამ მოხდა, იყო ბანერები, რომლებზეც ჩვენი "მშვიდობა" და უკრაინაში მიმდინარე ომი რატომღაც პიარკამპანიის ნაწილად იქცა. ერთი რამ ფაქტია, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ქვაკუთხედი სწორედ მშვიდობისა და ომის საფუძველზე აშენდა, ამას დაერთო მანიპულაციური ქმედებებიც და საბოლოოდ ერთ რამეს მიაღწიეს — ქართულმა საზოგადოებამ ახლიდან და სრულიად ახლებურად გადავიაზრეთ ომისა და მშვიდობის მნიშვნელობა.
ლიტერატურა რომ ყველაფრის, ყველა მნიშვნელოვანი მომენტის მემატიანედ იქცევა ხოლმე არახალია. სწორედ ამიტომ, არ გაგვიკვირდა და ძალიან გვესიამოვნა, როდესაც ლიტერატურის ძალა კიდევ ერთხელ შეგვახსენა სულაკაურის გამომცემლობამ იმით, რომ მაღაზიის ვიტრინებში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მხოლოდ ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა გამოფინა.
ამ სტატიაში მინდა იმ წიგნებზე გესაუბროთ, რომლებსაც შეიძლება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასთან პირდაპირი კავშირი სულაც არ ჰქონდეთ, მაგრამ იდეალურად აღწერდნენ მას.
1. 1984 — ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელის 1984 ინგლისში პირველად 1949 წლის ივნისში გამოქვეყნდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის დაბეჭდვიდან 70-ზე მეტი წელი გავიდა, ეს რომანი აქტუალურობას არ კარგავს, მუდმივად სიცოცხლისუნარიანია. ეს დისტოპიური სამყარო, რომელიც წიგნშია აღწერილი დამზაფვრელი, შემაშინებელი და შემაშფოთებელია, ოღონდ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ მკითხველისთვის, ვინც ტექსტში არსებულ აბსურდულობას გრძნობს.
ცხადია, რომ ორუელმა ეს დისტოპიური ჯოჯოხეთი თავის ეპოქას მიუძღვნა, ცივი ომის დასაწყისსა და სტალინურ საბჭოეთს, მაგრამ ტოტალიტარიზმის ფენომენი კვლავაც ცოცხალია, კვლავაც ფეთქვას და ვიღაცის თავში იდეად იხარშება.
თუ დავუკვირდებით, დღეს ჩვენს ხელისუფლებას ზუსტად ამ წარმოსახვით ტოტალიტარულ სახელმწიფოში უნდა გვაცხოვროს, სადაც დიქოტომიური ცნებები უბრალოდ აღარ იარსებებს. იფუნქციონირებს ჭეშმარიტი სამინისტრო, ჭეშსამი, რომელიც დაკავებული იქნება სიცრუით, მშვიდობის სამინისტრო — ომის საკითხებით, სიყვარულის სამინისტრო —წამებით, დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით. სწორედ ესაა ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეოლოგია, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება კი ძალა.
2. ცხოველების ფერმა — ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელის ეს ნაწარმოები 1945 წელს გამოქვეყნდა და პოლიტიკურ ალეგორიად მოინათლა, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის კრიტიკას ემსახურებოდა. ცხოველების ფერმა ზუსტად ის წიგნია, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ თავის მკითხველისთვის რეალობის დანახვისა და გააზრებისთვის გამოიყენა, ნამდვილად კარგი არჩევანია.
ეს წიგნი ალეგორიული რომანია, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, სახეში სილის გაწნას ჰგავს. ორეული წერს:
"ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი ცდილობს ქმედითი კონტროლო გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც".
სრულიად მართალია და ის ვისაც ტოტალიტარული სახელმწიფოს შენება უნდა, უპირველესად სწორედ აზრებსა და გრძნობებზე კონტროლს ცდილობს. გრძნობები, ემოციები, სისუსტეები, ეს მანიპულაციური ხრიკები, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება ძალიან აქტიურად იყენებს, სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ამართლებს, ბოლოს და ბოლოს თავისუფლება არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს, არჩევანს გვაძლევენ, მაგრამ ომსა და მშვიდობას შორის, სადაც ეს არჩევანი უკვე აბსურდულია.
ჰოდა, არჩევნებამდე, როდესაც სულაკაურის წიგნის მაღაზიებს ჩავუვლით, იქნებ ეს ფრაზაც გავიხსენოთ "ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა".
3. ვაცის ნადიმი — მარიო ვარგას ლიოსა
პერუელ მწერალს, ხორხე მარიო ვარგას ლიოსას, 2010 წელს ნობელის პრემია "სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის" მიენიჭა. ლიოსას ქართველი მკითხველი კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ მისი რომანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ვაცის ნადიმია.
წიგნში ავტორმა დიქტატორის კლასიკური სახე აღწერა, დიქტატორის, რომელიც ყველა ადამიანში შიშს თესავს, თუმცა იმაზე სუსტია რეალურად, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ძალიან ადამიანური, ადამიანური პრობლემებით, მათ შორის ფიზიოლოგიური პრობლემებითაც, თუმცა საზოგადოება თვლის, რომ ის უძლეველია, რომ მის გარეშე დაიღუპებიან.
"ამდენმა მილიონმა ადამიანმა – პროპაგანდით გაბრუებულმა, ინფორმაციას მოწყვეტილმა, დოქტრინებით გასასტიკებულმა, იზოლირებულმა, თავისუფლებაწართმეულმა – ნებაყოფლობით და შესაძლოა, შიშის, მლიქვნელობისა და მორჩილების ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა, ტრუხილიო გააღმერთა."
ალბათ, როდესაც ვაცის ნადიმს გადავიკითხავთ ან წავიკითხავთ, ამ ციტატაზე ყველას სევდიანად გაგვეღიმება, რადგან მასში დღევანდელ ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას ამოვიცნობთ.
4. ჩვენ — ევგენი ზამიატინი
XX საუკუნის რუსი მწერლის ევგენი ზამიატინის რომანი ჩვენ სოციალური ფანტასტიკის ერთ-ერთ ქვეჟანრს – ანტიუტოპიას (დისტოპია) მიეკუთვნება. მისი ანტიუტოპიური რომანი წინ უსწრებს ოლდოს ჰაქსლისა და ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიებს. საგულისხმოა, რომ ჯორჯ ორუელი საკუთარ თავს ზამიატინის რომანის მემკვიდრედ თვლიდა.
რომანში ერთიანი სახელმწიფოს ფილოსოფია პიროვნულობის შეზღუდვისა და დევალვაციისკენ არის მიმართული, რაც ძალმომრეობითი დიქტატურის გამოყენებით მიიღწევა. დეჰუმანიზაცია ბედნიერების ილუზიას ქმნის, რის საფუძველზეც მოსახლეობას ბრმად სწამს, რომ მწყალობელი მას ნამდვილ მესიად მოევლინა. ნორმალური ადამიანების უსახურ ნომრებად გადაქცევას შედეგად განსხვავებული აზრის არარსებობა და მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ ამ რომანში მწერალი შესანიშნავად ახერხებს ძალდატანებითი ბედნიერების ფილოსოფიის გადმოცემას. როდესაც უბედური ხარ და გეუბნებიან, რომ შენი უბედურებაა სხვასთან შედარებით ბედნიერებაა, არც ეს რიტორიკა იქნება ჩვენთვის უცხო.
5. საოცარი ახალი სამყარო — ოლდოს ჰაქსლი
ოლდოს ჰაქსლის რომანი საოცარი ახალი სამყარო 1932 წელს გამოქვეყნდა და დისტოპიური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა. რომანში ფუტურისტულ საზოგადოებას ვხვდებით, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ტექნოლოგიური წინსვლა და სოციალური სტაბილურობა აქვს, თუმცა რომანი ღიად და ღრმა კითხვებს აჩენს ინდივიდუალობის, თავისუფლებისა და კონფორმისტული უტოპიის ღირებულებების შესახებ.
ნარატივის ცენტრში ის სამყაროა მოქცეული, სადაც ადამიანებს დაბადებიდანვე განსაზღვრული როლი ენიჭებათ, წიგნში ინგლისის შორეული მომავლის მოვლენებია აღწერილი, მაგრამ რომანის სატირა ჰაქსლის თანამედროვე სამყაროზეა მიმართული.
ბოკანოვსკის პროცესი, რომლის დროსაც ერთი კვერცხუჯრედიდან დაახლოებით 96 იდენტური კლონის შექმნაა შესაძლებელი, სიმბოლურად ჰენრი ფორდის იდენტურად ერთმანეთის მსგავს ავტომობილებს აღნიშნავს. ადამიანების ჰენრი ფორდის მანქანების მსგავსად წარმოებით ჰაქსლი
მიგვანიშნებს, რომ მომავალში არც ადამიანების კლონირება იქნება უცხო ხილი. ორუელის მომავლის სამყაროც სტალინისა და ჰიტლერის პოლიტიკური მოღვაწეობის ექოა.
რომანი ასახავს ინდივიდუალობის მსხვერპლშეწირვის საფრთხეს საზოგადოების სტაბილურობის მისაღწევად. ჰაქსლი წარმოგვიდგენს მომავლის იმგვარ ხედავს, სადაც სიამოვნებისა და კომფორტისკენ სწრაფვა ნამდვილ ადამიანურ გამოცდილებას, უპირველესად კი თავისუფალ სულს ანაცვლებს და ახშობს.
კომენტარები