ნახეთ: NASA-ს მარსმავალმა წითელი პლანეტიდან მზის დაბნელება გადაიღო
30 სექტემბერს NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Perseverance პლანეტის ზედაპირიდან მზის დაბნელება გადაიღო. ამისთვის მან ერთგვარ ანძაზე მარცხნივ დამონტაჟებული კამერა Mastcam-Z გამოიყენა.
კადრებში ვხედავთ, როგორ ეფარება მზის დისკოს წითელი პლანეტის თანამგზავრი ფობოსი. ის ძალიან მცირე ზომისაა, ამიტომ ვარსკვლავს მხოლოდ ნაწილობრივ ჩრდილავს.
ეს სანახაობა განსხვავდება მზის დაბნელებებისგან, რომლებსაც დედამიწიდან ვაკვირდებით. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მთვარე ბევრად დიდია და სფერული ფორმა აქვს. შედარებისთვის, ფობოსი უსწორმასწოროა, რადგან მის ზედაპირზე ჩაღრმავებული და ამობურცული რეგიონები შეინიშნება. იგივე შეიძლება ითქვას მარსის მეორე ბუნებრივ თანამგზავრზე, რომელსაც დეიმოსი ეწოდება.
ფობოსი 11 კილომეტრი რადიუსის მქონე ობიექტია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულთან ძალიან ახლოს გადაადგილდება. მათ შორის დისტანცია მხოლოდ 6000 კილომეტრია, როცა, მაგალითად, მთვარეს დედამიწისგან საშუალოდ 384 400 კილომეტრი აშორებს. საინტერესოა ისიც, რომ ფობოსი საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას პლანეტას გარს დღეში სამჯერ უვლის.
ერთი შეხედვით, ფობოსი ასტეროიდს ჰგავს, რომელიც მარსმა მიიზიდა, მაგრამ შესაძლოა, ასე სულაც არ მომხდარიყო. ამაზე მისი მწყობრი ორბიტა მიანიშნებს, რომელიც ასეთი სტაბილური არ იქნებოდა, ფობოსი მარსის გრავიტაციას რომ "ჩაეჭირა".
შესაბამისად, მისი წარმომავლობის შესახებ ჯერ კიდევ მსჯელობენ. არაა გამორიცხული, რომ ორივე თანამგზავრი პლანეტასთან სხვა სხეულის შეჯახების შედეგად გამოთავისუფლებული ნარჩენი მატერიისგან ფორმირებულიყო.
რაც შეეხება მარსულ მზის დაბნელებებს, ეს მოვლენა Perseverance-ს აქამდეც გადაუღია. ასევე, სხვა მავალებს: Spirit-ს, Opportunity-სა და Curiosity-ს.
კომენტარები