რომელია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი სამოქალაქო ომი
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მომაკვდინებელი კონფლიქტია კაცობრიობის ისტორიაში. ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ ამ ომმა დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი შეიწირა.
საბჭოთა კავშირთან ერთად ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთმა (20 მილიონი) დაკარგა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულებიდან უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ჩინეთზე მოდის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი სამოქალაქო ომიც. ეს მეცხრამეტე საუკუნეში 1850 წლიდან 1864 წლამდე გაგრძელდა.
რთულია კონკრეტული ციფრების თქმა, მაგრამ ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის სამოქალაქო ომში 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს იმპერიის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტი და გლობალური მოსახლეობის თითქმის 2 პროცენტი იყო.
რამ გამოიწვია ტაიპინის აჯანყება?
ტაიპინის აჯანყება ცინის დინასტიის წინააღმდეგ მოხდა. აჯანყებას ხელმძღვანელობდა ჰონგ სიუკუანი, იესო ქრისტეს თვითგამოცხადებული უმცროსი ძმა. მან დააარსა ტაიპინის ზეციური სამეფო სამხრეთ ჩინეთში და ცდილობდა შეეცვალა კონფუციანიზმი, ბუდიზმი და ჩინური ხალხური რელიგია პროტესტანტული ქრისტიანობით ჩაენაცვლებინა
"ეს ძალიან დიდი აჯანყება იყო, რომელსაც გლეხური წარმოშობის სწავლული, ჰონგ სიუკუანი ხელმძღვანელობდა", — წერდა ელიზაბეტ ჯ. პერი, პოლიტოლოგი, რომელიც სპეციალიზებული იყო ჩინეთის პოლიტიკასა და ისტორიაში.
ცინის დინასტიამ პიკს მე-18 საუკუნეში მიაღწია, მაგრამ მომდევნო საუკუნე ნაკლებად იღბლიანი იყო. იმპერია იბრძოდა თავისი მზარდი მოსახლეობის გამოსაკვებად, რასაც შიმშილი და სიღარიბე მოჰყვა. იმავდროულად, ცინის ელიტა სულ უფრო დაკნინებული და კორუმპირებული ხდებოდა, აგროვებდა სახელმწიფო სახსრებს და აგრძელებდა მაღალი გადასახადების აკრეფას მოსახლეობისგან. ყველა ეს ფაქტორი კოლაფსის პირას მყოფი საზოგადოებების კლასიკური სიმპტომებია.
საქმეს ართულებდა ისიც, რომ ჩინეთის შიდა პოლიტიკაში ევროპული ძალები ერეოდნენ. ბრიტანეთის იმპერიას ქვეყანაში ოპიუმი შემოჰქონდა, რასაც საბოლოოდ ოპიუმის ორი ომიც მოჰყვა.
მეორე მხრივ, ევროპიდან პროტესტანტული მისიონერების შემოსვლამ საზოგადოებაში ქრისტიანული რელიგიის დათესვა დაიწყო. სწორედ ამ რელიგიურ მოძრაობას ხელმძღვანელობდა ჰონგი.
ისინი თავიდან შეიარაღებულ დაჯგუფებებს აყალიბებდნენ. ეს ჯგუფები ცინის დინასტიის მიერ შევიწროებული გლეხების, მუშებისა და მაღაროელების დახმარებას ცდილობდა. ამ ჯგუფებმა გავლენა იმპერიის სამხრეთ ნაწილში მოიპოვა და საბოლოოდ, სწორედ ამას მოჰყვა სისხლიანი სამოქალაქო ომი.
1850 წელს ცინის დინასტიის დამცველებთან რამდენიმე სისხლიანი შეტაკება მოხდა. უკვე 1851 წელს ჰოგნმა თავი ზეციური სამეფოს მეფედ გამოაცხადა და ცინის დინასტიის დამხობა გადაწყვიტა.
რატომ იყო ტაიპინის აჯანყება ასეთი სისხლიანი?
ჩინეთისთვის უცხო არ არის სისხლიანი ომები. მეორე მსოფლიო ომისა და ტაიპინის აჯანყების გარდა, აღმოსავლეთ აზიის ეს ქვეყანა მრავალი სასტიკი კონფლიქტის მოწმეა. მათ შორისაა ლუშანის აჯანყება, სამი სამეფოს ომი, ჩინეთის მანჩუს დაპყრობა და ჩინეთის სამოქალაქო ომი.
დიდი მსხვერპლის ახსნა იმაშია, რომ ჩინეთს ძალიან დიდი მოსახლეობა ჰყავს. მეორე მხრივ, სამოქალაქო ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა (14 წელი) და 17 პროვინცია მოიცვა.
ასევე გასათვალისწინებელია იდეოლოგიური ჯახიც.
"ქრისტიანული მესიანური ხედვებითა და სოციალური უთანასწორობით შთაგონებული ტაიპინის ომი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამიტომ მან ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", — წერს ისტორიკოსი ტობი მეიერ-ფონგი.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ბრძოლისას ბევრი ადამიანი დაიღუპა, ითვლება, რომ კიდევ უფრო მეტი ამ კონფლიქტის თანმდევი პირობების გამო მოკვდა. ადამიანების დიდი ნაწილი კვდებოდა იძულებითი შრომის, შიმშილისა და ომის შედეგად გაჩენილი დაავადებების გამო. ასევე ბევრი იყო სუიციდის შემთხვევები, რომლებიც ომში განცდილ წარუმატებლობასთან და გაუარესებულ პირობებთან იყო დაკავშირებული.
კომენტარები