უკვე ოფიციალურია — მზემ მაქსიმალური აქტიურობის ფაზაში შეაბიჯა
NASA-მ, NOAA-მ და მზის ციკლის პროგნოზირების პანელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩვენმა ვარსკვლავმა 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ ის ახლა წინა წლებთან შედარებით უფრო მძვინვარებს, კერძოდ გაზრდილია მზის ლაქებისა და ამოფრქვევების რაოდენობა.
ამგვარი აქტიურობა თვეების განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მზის მაგნიტური პოლუსები ადგილს შეიცვლის და მნათობიც ნელ-ნელა დამშვიდდება. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როდის მოხდება ეს. მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით გვეცოდინება, რომელი თვე იქნება აქტიურობის ნამდვილი პიკი.
ერთი შეხედვით, მზე პლაზმის უცვლელი ბურთია, მაგრამ მასში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომლებსაც დაახლოებით 11-წლიანი ციკლის სახე აქვს. ეს პერიოდი ყოველთვის ერთნაირი ხანგრძლივობის არაა, ასევე განსხვავდება მაქსიმალური და მინიმალური აქტიურობის ხარისხიცა და დროც.
ასეთ არაპროგნოზირებადობას ის განაპირობებს, რომ ზედმიწევნით ვერ ვაკვირდებით, როგორ მუშაობს მზის დინამო, ანუ როგორ წარმოიქმნება მისი მაგნიტური ველი. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება მზის ლაქების ფორმირება, რაც ამოფრქვევებს იწვევს. მზის ლაქები, ეს არასტაბილური და ნაკლებად მცხუნვარე მუქი რეგიონები, სწორედ ის მთავარი ინდიკატორებია, რომელთა მეშვეობითაც ასტრონომები ვარსკვლავის ციკლის გარდამავალ პერიოდებს აფიქსირებენ.
მაგალითად, მინიმალური აქტიურობისას მზეზე ნაკლები ლაქა შეინიშნება, მაქსიმუმისას კი — პირიქით. როცა ასეთ რეგიონებში მაგნიტური ველის ხაზები ურთიერთქმედებს, სინათლისა და ენერგიის მძლავრი ნაკადები გამოიყოფა, რასაც ამოფრქვევებს ვუწოდებთ. შედეგად გამოთავისუფლებული დამუხტული ნაწილაკები შემდეგ პლანეტებზე ზემოქმედებს.
დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას ეს შთამბეჭდავ პოლარულ ციალებს იწვევს, ზოგჯერ კი გეომაგნიტურ შტორმებს, რაც სატელიტებსა თუ საკომუნიკაციო სისტემებს საფრთხეს უქმნის. ამის მიუხედავად, მზის ამჟამინდელი აქტიურობა საგანგაშოდ მძლავრი არაა, შესაბამისად შიშის საბაბი არ გვაქვს.
კომენტარები