მეცნიერებმა გეკონებში "მეექვსე გრძნობა" აღმოაჩინეს
ცხოველთა სამყაროში მრავალი საინტერესო ფენომენია გავრცელებული, რასაც ახალი კვლევაც ადასტურებს. მეცნიერებმა ხვლიკისნაირ არსებებში, Gekko gecko-ს სახეობის გეკონებში, "მეექვსე გრძნობა" აღმოაჩინეს. კერძოდ ის, რომ მათ დაბალი ვიბრაციების აღქმა შეუძლიათ.
სხვა ხვლიკების მსგავსად, გეკონებსაც ისეთი სმენა აქვთ, რომელიც მაღალი სიხშირის ბგერებზეა ორიენტირებული. ყველაზე მეტად მგრძნობიარე ისინი 1600-2000 ჰერცის მიმართ არიან, მაგრამ მათი სმენითი დიაპაზონი 5000 ჰერცამდეც აღწევს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაბალი სიხშირის (50-200 ჰერცამდე) ვიბრაციებს Gekko gecko აღიქვამს სხეულში არსებული სტრუქტურით, რომელიც, ჩვეულებრივ, სმენას არ უკავშირდება.
საუბარია შიდა ყურის აპკოვანი ლაბირინთის (ვესტიბულური სისტემის) სფერულ ჩანთაზე, რომელიც წონასწორობის დაცვასა და თავისა თუ სხეულის პოზიციების კონტროლში გვეხმარება. ის თევზებში, ამფიბიებში, რეპტილიებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში გვხვდება, მაგრამ აქამდე ცნობილი იყო, რომ სმენის დანიშნულებით მას მხოლოდ პირველი ორი იყენებდა. ახლა მათ ქვეწარმავლების რიგიც დაემატა.
გეკონების ტვინზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზემოხსენებული სტრუქტურები პირდაპირ კავშირშია რომბისებრი ტვინის vestibularis ovalis (VeO)-ის ტიპის ნეირონებთან, რომლებიც ყურის სხვა ნაწილებიდან ინფორმაციას არ იღებს. მონაცემები შუა ტვინის სმენით რეგიონს გადაეცემა, რომელიც ბგერისა და ვიბრაციების ერთობლივად აღქმას უზრუნველყოფს.
მისი როლის დასადასტურებლად სპეციალისტებმა ის ვოლფრამის ელექტროდების დახმარებით 10-დან 1000 ჰერცამდე სიხშირეზე გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ VeO ყველაზე მეტად სწორედ 50-200 ჰერცზე რეაგირებდა, მგრძნობელობის პიკი კი 100 ჰერცი იყო.
იმის გამოსარიცხად, რომ VeO-ს უბრალოდ ვიბრაციის გამომცემი მოწყობილობის ხმა "ესმოდა", მეცნიერებმა ცხოველების ყურებისკენ იმავე სიხშირის, მაგრამ უფრო ხმამაღალი ხმოვანი სტიმული მიმართეს. VeO-ს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
ჯერჯერობით უცნობია, რაში იყენებენ გეკონები ამ უნარს. შესაძლოა, ეს ქარის, წვიმის ან მტაცებლების უკეთ დაფიქსირებაში ეხმარებოდეთ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს "მეექვსე გრძნობა" სხვა ქვეწარმავლებშიც გავრცელებული იყოს, შესაძლოა კომუნიკაციის ფუნქციითაც, მაგრამ ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Cell Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები