როგორ შეიძლება, ასტეროიდი ასტრონავტების საკვების წყაროდ იქცეს
დასავლეთის უნივერსიტეტის დედამიწისა და კოსმოსის კვლევის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები ასტრონავტებისთვის საკვების ახალ წყაროს გვთავაზობენ. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ასტეროიდებია.
სპეციალისტების თქმით, ამგვარი კოსმოსური სხეულებიდან საკვებად ვარგისი ბიომასის მიღებაა შესაძლებელი. კერძოდ, ამბობენ, რომ ეს იქ არსებული ორგანული ნაერთებისა და დედამიწიდან წაყვანილი მიკრობების მეშვეობით მოხერხდება, რაც ხანგრძლივი მისიების დროს საჭმლის შეზღუდული მარაგის პრობლემას მოაგვარებს. აქედან გამომდინარე, ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან გაგზავნილ ტვირთზე აღარ იქნებიან დამოკიდებულები, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის შემთხვევაში ხდება.
ავტორების განცხადებით, ასტეროიდებზე ორგანული ნაერთების მოპოვებაა შესაძლებელი, რომლებსაც მაღალი ტემპერატურის მეშვეობით ჟანგბადისგან თავისუფალ ადგილებში დავშლით. ამ პროცესს პიროლიზი ეწოდება. შედეგად მიიღება ნახშირწყალბადები, რომლებსაც მიკრობები შთანთქავენ და სამაგიეროდ ბიომასას წარმოქმნიან, რომელსაც ადამიანებისთვის საკვები ღირებულება ექნება.
მეცნიერები კონკრეტული ტიპის ასტეროიდებზე კონცენტრირდნენ — C ქონდრიტებზე, რომლებშიც 10.5%-მდე წყალი და საკმაო რაოდენობის ორგანული ნაერთებია. ასეთი სხეულია, მაგალითად, ბენუ, საიდანაც NASA-ს მისია OSIRIS-REx-მა ნიმუშებიც ჩამოიტანა.
ვარაუდობენ, რომ მსგავსი ობიექტებიდან 50-დან 6 550 მეტრულ ტონამდე საკვები ბიომასის მიღება შეგვიძლია. მას საკმარისი კალორიები ექნება, რათა 600-დან 17 000-მდე ასტრონავტს სიცოცხლის განმავლობაში ეყოს. რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობებს გაამარტივებს, მაგრამ რამდენად ეფექტიანია ასტეროიდების ამგვარად გამოყენება, უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები